თეგი: ჰესები
ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ჰესების მშენებლობას, მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განიხილავს
თუ ენერგეტიკა არ განვავითარეთ და ჰესები არ ავაშენეთ, ძალიან რთული იქნება საუბარი ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნამახვან ჰესთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყოფილ ინვესტორთან და მოლაპარაკებების შედეგები მალე გახდება ცნობილი. „მცირე, საშუალო და დიდი ჰესებიც უნდა აშენდეს ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა, აქვე გავიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხოლოდ. მე საჯაროდ გამოვხატე ჩემი პოზიცია ნამახვან ჰესთან დაკავშირებით, იქ რაღაც კითხვები არსებობდა. ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყოფილ ინვესტორთან და ამის შედეგებს ძალიან მალ გაცნობებთ. რაც შეეხება ზოგადად ჩემს პოზიციას - ჩვენ განვიხილავთ, რომ ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო მიერ. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს. მე უკვე დავალება მაქვს მიცემული ეკონომიკის მინისტრისთვის. მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ამ გეგმას უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოვადგენთ. ზოგადად, თუ ენერგეტიკა არ განვავითარეთ და ჰესები არ ავაშენეთ, ძალიან რთული იქნება საუბარი ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ენერგეტიკის განვითარება და გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას. ახლა პირიქით არის - გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. მაგალითად, ჩვენ გვქონდა 14,4 ეკონომიკური ზრდა, პირველ კვარტალში. ამიტომ, თუ არ დავაწიეთ, ჩვენ წლიდან წლამდე უფრო მეტ ელექტროენერგიას ვყიდულობთ. შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ეს პრობლემაა. ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არსებობს, რომ მაქსიმალურად გონივრულად, რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეები, ანუ ჰიდრორესურსები. მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები, მათ შორის ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის და სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების. მე კერძო ინვესტორებს მაქსიმალურად ხელს შევუწყობ და ვეხმარებით, მაგრამ ისეთი ჰესი, როგორიც არის ენგური, ეს ჰესი რომ არ იყოს, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა პრობლემა იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემისთვის. ეს არის ჩემი პოზიცია და ამ პოზიციას იზიარებს ჩვენი ეკონომიკური გუნდი, ვმუშაობთ და ძალიან მალე წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას, როგორ განვავითაროთ ენერგეტიკა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 2022 წლის 24 მარტს,ENKA-მ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და ნამახვანის $40 მლნ-ის აქტივები ჩამოწერა ასევე წაიკითხეთ ENKA-მ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და ნამახვანის $40 მლნ-ის აქტივები ჩამოწერა
ლევან დავითაშვილი ჰესებზე: იმედი მაქვს, მსხვილ პროექტზე შეთანხმებები მიმდინარე წელს გვექნება
„რეგულარულად, ყოველ თვე იმართება მსოფლიოს წამყვან ენერგეტიკულ კომპანიებთან მსხვილ პროექტებზე საუბარი. როდესაც ჩვენ დავაახლოებთ პოზიციებს, უკვე შეიძლება შეთანხმებაზე ვისაუბროთ. იმედი მაქვს, რომ მსხვილ პროექტზე შეთანხმებები მიმდინარე წელს გვექნება, რომ განხორციელების უფრო აქტიურ ეტაპზე გადავიდეთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, „ნენსკრას“ პროექტის განახლება გასულ წელს დაიწყო, ამ ეტაპზე მიდის კვლევები, რომელსაც უწყება და პოტენციური ინვესტორი ახორციელებს. „რაც შეეხება მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებს, იცით, რომ მუშაობა მიდის რამდენიმე მიმართულებით. ჩვენ გვქონდა გარკვეული შეთანხმება „ნენსკრასთან“ დაკავშირებით, რომელიც მოიცავს გარკვეულ ვალდებულებას ორივე მხარისას იმისთვის, რომ უკვე კონკრეტული კონტრაქტი დაიდოს, პროექტის განახლება გასულ წელს დაიწყო, ამ ეტაპზე მიდის კვლევები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ასევე, პოტენციური ინვესტორი. ამ კვლევების დასრულების შემდეგ კონკრეტულ ეტაპზე გადავალთ, კვლევები, რომელიც მათ შორის, გარემოს დაცვის, სოციალური და ბევრი სხვა, იმისთვის, რომ ჩვენ კონკრეტულ რიცხვებზე გავიდეთ და კონკრეტულად დაფინანსების საკითხები გადაწყდეს დონორებთან. ეს დონორებისთვის არის მნიშვნელოვანი და საჭირო. „ქეი ვოთერი“ იმუშავებს დონორებთან, დონორების მოთხოვნები, რომ შესრულდეს. რაც შეეხება „ნამახვანთან“ და „ხუდონთან“ დაკავშირებით, „ხუდონთან“ დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩავატარეთ კვლევები, ამაზეც საუბარი იყო, ალტერნატივები განვიხილეთ, იქ არის 12 სხვადასხვა სცენარი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ზემოქმედებას მოიცავს, როგორც სოციალურ, ისე კულტურულ ლანდშაფტზე, მათ შორის, ბუნებრივ ლანდშაფტზე. ენერგეტიკული მიმართულებით, რომელს ექნება უფრო მეტი უპირატესობა და ნაკლები იქნება ზემოქმედება, როგორც გარემოზე, ისე სოციალური კუთხით, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. აქ ფაქტობრივად, სწორი ბალანსია მოსაძებნი ენერგეტიკასა და ზემოქმედებას შორის და ეს არის მთავარი მოტივაცია, ანუ გამოკვეთილია რამდენიმე ალტერნატივა, რომლის დამუშავება ხდება, ალბათ, ჩვენ დავიწყებთ აქტიური განვითარების ეტაპზე გადასვლას მიმდინარე წელს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი და მონაწილეობა, ამიტომ ენერგეტიკის განვითარების ფონდი იქნება ძირითადი, წამყვანი ძალა ყველა პროექტში, თუმცა არ იქნება მთავარი ინვესტორი ან ინვესტორები შეიძლება პროექტში შემოვიყვანოთ. აქაც რამდენიმე მნიშვნელოვანი, დაინტერესებული საერთაშორისო წამყვანი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელთანაც დიალოგი გვაქვს და ეს პროცესი მიმდინარეობს ინტენსიურად სამინისტროში. შეიძლება, წარმოიდგინოთ, რომ რეგულარულად ყოველ თვე იმართება მსოფლიოს წამყვან ენერგეტიკულ კომპანიებთან, ამ მსხვილ პროექტებზე საუბარი. როდესაც ჩვენ დავაახლოებთ პოზიციებს უკვე შეიძლება შეთანხმებაზე ვისაუბროთ. მე იმედი მაქვს, რომ ამ მსხვილ პროექტზე შეთანხმებები მიმდინარე წელს გვექნება, რომ გადავიდეთ განხორციელების უფრო აქტიურ ეტაპზე. რაც შეეხება ფოთის პორტის გაფართოებას, აქაც ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, ბევრი დეტალი გავიარეთ, არის საკითხების დიდი ნაწილი, რომელიც შეთანხმდა, არის გარკვეული საკითხები, რომელიც უნდა შეთანხმდეს იმისთვის, რომ საბოლოოდ ესეც გადავიდეს განხორციელების ეტაპზე,“ - განაცხადა დავითაშვილმა.