თეგი: ჰუა ჩუნინი
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი: ტაივანი არ არის უკრაინა, ის ყოველთვის იყო ჩინეთის განუყოფელი ნაწილი
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ ტაივანი არ არის უკრაინა და ყოველთვის იყო ჩინეთის განუყოფელი ნაწილი. ოფიციალური პეკინის ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ტაივანისთვის საზიანო შედეგები შეიძლება დადგეს, თუ დასავლური ქვეყნები ვერ შეასრულებენ თავიანთ დაპირებებს უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.