თეგი: “ეხო კავკაზა“
“ეხო კავკაზა“ დაიხურა
2026 წლის პირველი მაისიდან მუშაობა შეწყვიტა რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა განყოფილებამ — “ეხო კავკაზა“, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება „ეხო კავკაზას“ რედაქციამ 3 მაისს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, RFE/RL-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა გადაწყვეტილება რესტრუქტურიზაციის აუცილებლობით ახსნა. რადიო „ეხო კავკაზა“ 2009 წლის 2 ნოემბერს შეიქმნა. 2022 წლიდან „ეხო კავკაზას“ ვებგვერდი რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკილი იყო. მას შემდეგ, რაც RFE/RL რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა, რედაქცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში წყაროებთან მხოლოდ ანონიმურ ფორმატში მუშაობდა. „ეხო კავკაზას“ რედაქციის განცხადებით, ვებსაიტი www.ekhokavkaza.com აღარ განახლდება, თუმცა ის ხელმისაწვდომი დარჩება არქივის რეჟიმში. რედაქცია იმედოვნებს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი მასალები მომავალშიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროდ დარჩება მათთვის, ვინც რეგიონს იკვლევს. ცნობისთვის, 31 მარტს „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ“ ბულგარეთში, რუმინეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში მომუშავე სამსახურები დახურა.