თეგი: „აირჩიე ევროპა“
„აირჩიე ევროპა“ - ახალი სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნებას პრეზიდენტი დაესწრო
თბილისში, „კოკა-კოლა“ ივენთ ჰოლში, ახალი სამოქალაქო მოძრაობის, „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან ხათუნა ლაგაზიძე (უსაფრთხოების ექსპერტი), ლელა ჯეჯელავა (თსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი), გიორგი რუხაძე (ექსპერტი ევროპული პოლიტიკის საკითხებში), ლაშა ძებისაშვილი ("საქართველოს უნივერსიტეტის" პროფესორი) და ივა ჭყონია (ბიზნესმენი). სამოქალაქო მოძრაობამ ღონისძიების მონაწილეებს გააცნო მანიფესტი, რომელშიც წერია, რომ მათი ვალდებულებაა ახალგაზრდული საპროტესტო ტალღის ხელშეწყობა. „2024 წლის 26 ოქტომბერს, ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის ყველაზე ფასეული შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ვალდებულებაა ახალგაზრდული საპროტესტო ტალღის მხარდაჭერა, არჩევნებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა და ნებისმიერი ხელისშემშლელი გარემოების მიუხედავად, არჩევნებზე მისვლა და ევროპული არჩევანის გაკეთება,“ - ვკითხულობთ მანიფესტში. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ეს არ არის საარჩევნო კამპანია, თორემ მასში მონაწილეობას არ მიიღებდა. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ერთ მხარეს დგას საქართველოს საზოგადოება და მეორე მხარეს - ხელისუფლება. “მივესალმები ამ მოძრაობის დამფუძნებლებსა და ინიციატივის ორგანიზატორებს, ეს აუცილებელი იყო. „ავირჩიოთ ევროპა“ ასე ეწოდება ახალ მოძრაობას - მგონი, უკვე დიდი ხანია ავირჩიეთ ევროპა. საქართველო ყველა თავისი ისტორიის მთავარ მონაკვეთზე ირჩევს განვითარების გზას, თავისუფლების გზას, დემოკრატიის გზას და ეს არის ევროპული გზა. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, ქართული ღირებულებებია და ამიტომაც ესოდენ გვიადვილდება ევროპისკენ სვლა. სვლა ვახსენე, მაგრამ დღეს ეს გზა გაიყინა. ეს გზა ამ ხელისუფლებამ გაგვიყინა, გადაუხვია კონსტიტუციას და ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი იმ კამპანიის ნაწილი, რომელმაც ჯერ „ოცნება“ მოიყვანა სათავეში და მერე, არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ყველა ეს კამპანია აგებული იყო იმაზე, რომ ჩვენი საგარეო კურსი, ჩვენი ქვეყნის განვითარება მიმართული ყოფილიყო ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ. ამ გზას გადაუხვიეს და ჩვენ გაგვყინეს. დღეს რაც ხდება NATO-ს სამიტზე, ის განცხადებები, რაც გაკეთდა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის დახმარების შეწყვეტაზე, ძალიან სერიოზული საფრთხეა ამ ქვეყნისთვის. ცოტა დროა დარჩენილი - 100 დღე. 100 დღე ცოტაცაა და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას. დღეს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არ არის რაღაც საარჩევნო კამპანია, თუ არა მე, როგორც პრეზიდენტი აქ არ ვიქნებოდი. ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი, ეს არის ჩვენი მომავლის არჩევანი, ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმში საქართველოს საზოგადოება ერთ მხარესაა და ხელისუფლება მეორე მხარეს, რომელმაც ჩვენი მომავლის უზურპაცია მოახდინა. არ შეიძლება ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ. აქ საჭიროა, გავერთიანდეთ, შევასრულოთ ქარტია, რომელსაც ყველა პარტიამ მოაწერა ხელი, ან თუ არ მოაწერა, ამბობს, რომ ეთანხმება. არჩევნების შემდეგ ძალიან ცოტა დრო იქნება იმისთვის, რომ შევასრულოთ ის, რაც ქარტიაში წერია. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს პარტნიორებს და დავაჯეროთ მათ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს გზას და ხელახლა უნდა გაგვიხსნან ყველა კარი, რაც დღეს ნახევრად მიხურულია. ეს ჩვენთვის გარდაუვალი ამოცანაა. სხვა გზა არ გვაქვს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ვართ ძალიან ბევრნი, ვართ ძალიან ერთიანნი და საქართველო გაიმარჯვებს!“ განაცხადა პრეზიდენტმა. ღონისძიების მონაწილეების წინაშე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, ქორეოგრაფი ნინო სუხიშვილი, მომღერალი ნინო ქათამაძე და მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი.