თეგი: „ამერიკის ხმა“
აშშ-ის მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ამერიკის ხმის“ მაუწყებლობის აღდგენა დაავალა
აშშ-ში, ფედერალურმა მოსამართლემ როის ლამბერტმა დაადგინა, რომ გასულ წელს „ამერიკის ხმის“ (VOA) ფაქტობრივი დახურვა უკანონო იყო და მისი ასობით ჟურნალისტი სამსახურში უნდა აღადგინონ. მოსამართლე როის ლამბერტმა ხელისუფლებას ერთი კვირა მისცა საერთაშორისო მაუწყებლის ეთერში დასაბრუნებლად. დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტად თანამდებობაზე დაბრუნებიდან რამდენიმე კვირაში, გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება მაუწყებლის დახურვის შესახებ, რომელიც მისი ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა მემარცხენე ფრთის მიმართ მიკერძოებულობაში და „რადიკალური“ და „ტრამპის საწინააღმდეგო“ პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულეს. პრეზიდენტმა ტრამპმა გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ხელმძღვანელად კარი ლეიკი დანიშნა. ეს არის კომპანია, რომელიც ზედამხედველობას უწევს და აფინანსებს „ამერიკის ხმას“, ასევე „რადიო თავისუფალ ევროპასა“ და „რადიო თავისუფალ აზიას“. ლეიკმა სააგენტოს თანამშრომლების 85%-ზე მეტი, მათ შორის მხოლოდ „ამერიკის ხმის“ 1 000-ზე მეტი თანამშრომელი, გაათავისუფლა, რის შედეგადაც სამსახურში თანამშრომლების მხოლოდ მცირე რაოდენობა დარჩა. გასულ კვირას მოსამართლე ლამბერტმა დაადგინა, რომ ლეიკს არ ჰქონდა უფლებამოსილება, გაეცა ბრძანება USAGM-ის თანამშრომლების დათხოვნის შესახებ, რადგან ეს აშშ-ის სენატის მიერ არ იყო დამტკიცებული. ფედერალურმა მოსამართლემ ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას „თვითნებური და კაპრიზული“ უწოდა. სასამართლოში სარჩელები „ამერიკის ხმის“ დირექტორმა მაიკლ აბრამოვიცმა და USAGM-ის სამმა თანამშრომლებმა შეიტანეს. „მოუთმენლად ველით კარი ლეიკის მიერ ჩვენი სააგენტოსა და ჩვენი კოლეგებისთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრას, კონგრესის მანდატის დაბრუნებას და გლობალური აუდიტორიის ნდობის აღდგენას, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვერ ვემსახურეთ“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც USAGM-ის სამმა თანამშრომელმა, პეტსი ვიდაკუსვარამ, ჯესიკა ჯერიტმა და ქეით ნიპერმა ერთობლივად გაავრცელეს.