თეგი: „ბაზისბანკი“

ეროვნული ბანკი - „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში „ბაზისბანკი“ მოემსახურება

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს „ბაზისბანკი“ მოემსახურება. მათივე ცნობით, პორტირებაზე მუშაობა დაწყებულია და ორშაბათიდან ეტაპობრივად „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში „ბაზისბანკი“ მოემსახურება. „უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა. ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ფინანსური სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამ მანდატის ფარგლებში, საფინანსო სექტორის მეანაბრეთა ინტერესების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. დღეიდან, „სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს მოემსახურება „სს ბაზისბანკი“. მუშაობა პორტირებაზე დაწყებულია და ორშაბათიდან ეტაპობრივად „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში „ბაზისბანკი“ მოემსახურება. ყველა დეპოზიტარის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობში და ამ პირობებში ასრულებს თავის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას, იყოს ქართული საფინანსო სექტორის თითოეული მეანაბრის თანხების დაცვის გარანტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ

„საქართველოს ბანკი", TBC ბანკი, „ლიბერთი", „ტერა ბანკი"„ბაზის ბანკი" და „პროკრედიტი" აცხადებენ, რომ  საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. „ტერაბანკი“: ბანკი საქმიანობას საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად გააგრძელებს." „პროკრედიტ ბანკი“: „ჩვენ, როგორც ევროპული ბანკი და საერთაშორისო საბანკო ჯგუფის წევრი, განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით მსგავს საკითხებს და მუდმივად შესაბამისობაში ვართ იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება.“ „ბაზისბანკი“: „ბაზისბანკი“ წლებია, მჭიდროდ თანამშრომლობს ათეულობით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად გულისხმობს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნას. ბაზისბანკი იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში.“ ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.