თეგი: „დინამო“

ირაკლი კობახიძე თბილისის "დინამოს“ ე.წ. „უცხოური აგენტების კანონზე“ განცხადების გამო აკრიტიკებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისს" „უცხოური აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო განცხადების გამო აკრიტიკებს. მან მთავრობის სხდომა კლუბის ხელმძღვანელობის კრიტიკით დაიწყო, ისაუბრა სპორტში „ქართული ოცნების“ მმართველობის განმავლობაში არსებულ მიღწევებზე და გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობა.“ „ეს ადამიანები „თბილისის დინამოს“ სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება „თბილისის დინამოს“ სახელით და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა როგორც ჩანს პოლიტიკაში „თბილისის დინამოს“ მფლობელი. ეს არის ყველაფერი იმ პოლიტიკის გამოვლინება, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას და რომელმაც მიიყვანა ჩვენი სპორტი წარუმატებლობამდე და ჩვენ დაგვჭირდა წლები მაში, რომ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა და მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენ სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღეს. ასევე მინდა, გავიხსენო კონკრეტული ფეხბურთელების მონაყოლი, ერთ-ერთი ფეხბურთელის მონაყოლი, რომელმაც პირადად მე მითხრა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო უარი უთხრეს ნაკრებში გამოძახებაზე ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს, მაშინ ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი იყო უცხოელი და მას აიძულებდნენ, რომ არ გამოეძახებინა კონკრეტული ფეხბურთელი, ერთ-ერთ ტოპ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი არ გამოეძახებინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლი, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა თამაშებზე საკუთარი ხარჯით,“ - აღნიშნა პრემიერმა. წინა ხელისუფლებისა და თბილისის "დინამოს“ ხელმძღვანელების კრიტიკის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისში ახალი აეროპორტის გვერდით ახალი საფეხბურთო სტადიონის აშენება იგეგმება. აეროპორტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა - ეკონომიკის მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლოს იქნება მშენებლობის დეტალური გეგმა, სამი წლის შემდეგ კი, თბილისს ახალი აეროპორტი მოემსახურება.