თეგი: „ევროპელი სოციალისტები“

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელ სოციალისტებზე: გვექნება მსჯელობა, შეიძლება, იმაზე ადრე, ვიდრე თვითონ შეიკრიბებიან

„გვექნება მსჯელობა პარტიის შიგნით, შეიძლება, იმაზე ადრე, ვიდრე სოცილისტები შეიკრიბებიან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს „ქართული ოცნების“ შესაძლო გარიცხვაზე ევროპელი სოციალისტების პარტიიდან. „ამის თაობაზე ჩვენ გვექნება მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და ჩვენ პარტიასთან უკვე დავიწყეთ დიალოგი და კონსულტაციები პარტიის შიგნით. ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა: ზოგიერთმა დაპოსტა თუ გამოაქვეყნა განცხადება, რომ იმის გამო, რომ მე მივიღე კონსერვატიულ მოძრაობაში, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის და ძალიან ბევრი პრეზიდენტი, მათ შორის, პრეზიდენტი რეიგანი იყო პირველი სპიკერი ამ კონფერენციის, თურმე ეს არის მიუღებელი მათთვის, თურმე მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და რომ მიუღებელია ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას. თუ ამის გამო ვიღაცას  არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია. ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ მათთან თანამშრომლობას“, - განაცხადა პრემიერმა. პრემიერი: არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ასევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას - უმრავლესობაზე ევროპელი სოციალისტების პარტიამ, რომლის დამკვირვებელი წევრიც საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“, დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC). „პრემიერ ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და ამით ის ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებებს მიღმა აქცევს. PES-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ხელმძღვანელობის მომავალ სხდომაზე შეაფასოს „ქართული ოცნების“ სტატუსი პარტიაში. როგორც ცხადი გახდა, ეს აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის დღევანდელი ინტერვენციის შემდეგ“, - განაცხადა PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა კეტი პირიმ. ევროპელი სოციალისტების პარტია (PES) 1992 წელს დაფუძნდა. ის ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან, 60 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს, სრული წევრის, ასოცირებული წევრისა თუ დამკვირვებლის სტატუსით. ევროპარლამენტში PES-ის წარმომადგენელია პოლიტიკური ჯგუფი - „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D), 26 ქვეყნის 144 დეპუტატით და სიდიდით მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიას (EPP) ჩამოუვარდება (176 დეპუტატი).