თეგი: „ვივა ვაკე“
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორის მიმართ ძებნა გამოცხადდა
საქართველოს პროკურატურამ, სამშენებლო კომპანია "ვივა ვაკის" დირექტორს მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2016 წელს, შპს ,,ვივა ვაკე“ დააფუძნა და მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბინების შეძენის მსურველი პირები ყალბი სარეკლამო განცხადებებით მიიზიდა კომპანიის დირექტორმა მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულებმა შპს ,,ვივა ვაკის" საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხეს. ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 5 988 279,56 ლარი მიიღო, რის შემდეგაც სამშენებლო კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, არ განახორციელა სამშენებლო სამუშაოების წარმოება და საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. შპს „ვივა ვაკის“ დირექტორს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა,“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.