თეგი: „იანდექსი“
Yandex GO-ს მფლობელი კომპანია რუსეთისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემის გამო დააჯარიმეს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ „რაიდტექ ჯორჯია“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებას Yandex GO-სა (მგზავრებისთვის) და Yandex Pro-ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით, კანონდარღვევით გადასცემს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს. კერძოდ, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ აპლიკაციის საშუალებით, იმგვარად აქვს ორგანიზებული საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის IP Address-ი, შესაბამისად, სახეზეა IP Address-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის ფაქტი. უწყების ინფორმაციით, კომპანია დაჯარიმდა 4 000 ლარით და ამასთან, დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში შეისწავლა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში შესაძლო კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი. აღნიშნული კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებს Yandex GO-სა (მგზავრებისთვის) და Yandex Pro-ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით. შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტ კავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებს. შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ იმგვარად აქვს ორგანიზებული აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი/IP Address-ი, შესაბამისად, სახეზეა ქსელური მისამართის/IP Address-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოწმების დაწყებამდე შპს „რაიდტექ ჯორჯიამ“ განცხადებით მომართა სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემა. სამსახურმა მითითებული წარმოების ფარგლებში შეისწავლა აღნიშნული კომპანიის მიერ სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციისათვის) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის მთავარ პირობად განსაზღვრული - მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციაში არ არსებობდა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების, მათ შორის, მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპის დაცვის რეალური მოლოდინი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანებით უარი ეთქვა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ (Yandex Go და Yandex Pro) სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციაში) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა დაადგინა, რომ შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას (დამუშავებისას) დარღვეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. ამასთან, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების (გლობალური ქსელური მისამართის/IP Address) რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. გასულ წელს, რუსულენოვანი გამოცემა „მედუზა“ წერდა, რომ „ეფესბეს“ „იანდექსის“ ბაზაზე სრული წვდომა ექნება. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „იანდექსის“ მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლიდა. რა ფორმით უნდა ჩაერიოს სახელმწიფო კერძო კომპანიების საქმიანობაში, როცა საქმე „იანდექსის“ მსგავსი კომპანიებისგან, პერსონალურ მონაცემთა დაცვას და სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება? ამ და სხვა საკითხებზე Europetime-მა ინტერვიუ ჩაწერა (არქივი) კიბერუსაფრთხოების ექსპერტთან და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილ მრჩეველ ლადო სვანაძესთან: პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით რისკები და საფრთხეები ძალიან დიდია. ბევრს ახსოვს „კემბრიჯ ანალიტიკა“, რომელიც პეტერბურგში ჩამოყალიბდა, ტრამპის არჩევნების წინა პერიოდში. შემდეგ, დიდ ბრიტანეთში გადავიდნენ და სწორედ ამას აკეთებდნენ, პერსონალურ მონაცემებს აგროვებდნენ. ამ პერსონალურმა მონაცემებმა თავი იჩინა ტრამპის არჩევნებზე. ამიტომაც ამბობენ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა მოხდა. პერსონალური მონაცემების დაცვა ძალიან აქტუალური და სენსიტიური თემაა. რუსული კომპანიები, როგორიცაა, „იანდექსი“, „VTB ბანკი“, „ბილაინი“ და ა.შ., საქართველოშიც ოპერირებენ. გასაგებია, რომ VTB დღეს სანქცირებულია და მისი აქტივები სხვა ბანკებმა გაინაწილეს, მაგრამ პერსონალური მონაცემები იქაც არის. თავისუფალი ბიზნესის პრინციპით სახელმწიფო არ ერევა ამაში. თუმცა საზოგადობრივ შეგნებაზეა ლაპარაკი. გასაგებია, რომ „იანდექსი“ იაფია, მაგრამ მე შემიძლია, 1 ან 2 ლარით მეტი გადავიხადო და სხვა ტაქსი გამოვიძახო, რადგან ჩემი პერსონალური მონაცემები უფრო მეტად მიღირს, ვიდრე ერთი ლარით ნაკლებით გადახდილი თანხა. აქ მხოლოდ რუსეთზე არაა საუბარი. რატომ უნდა გასაჯაროვდეს ჩემი პერსონალური მონაცემები?! იგივე, სადაზღვევო კომპანიებში, ბანკზე უფრო მეტი პერსონალური იფორმაცია ინახება, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობასაც მოიცავს. არ გინდათ, ვინმემ იცოდეს რითი ხარ დაავადებული. თუ გაიტანეს ეს ინფორმაცია, შესაძლოა, შანტაჟის მსხვერპლი გახდეთ. ამიტომ, პერსონალური მონაცემების დაცვის თემა ძალიან აქტუალური თემაა. მთავრობა ამაში არ ერევა და რაღაც დონეზე ვერც ჩაერევა ლიბერალური პოლიტიკის გამო. თუმცა სახელმწიფოს შეუძლია, ასეთ კომპანიებთან ხელშეკრულებები არ გააფორმოს. თუ ფინანსთა სამინისტრო, ხელფასების გასაცემად ან სხვა გადარიცხვებისთვის, VTB ბანკს ირჩევს, სამთავრობო სექტორი ამას არ უნდა აკეთებდეს. ეს უკვე მის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. შენ თუ აღიარებ საფრთხედ, მისგან აღარ უნდა შეისყიდო არც პროდუქცია და არც სერვისი. აღარაფერი არ უნდა იყიდო. კერძო სექტორზე აღარაფერს ვამბობ. სხვათა შორის, კერძო სექტორი გაცილებით გონივრულად იქცევა. ბევრმა მათგანმა რუსეთიდან სერვისების და პორდუქციის მიღება უკვე შეწყვიტა. მოქალაქეს რაც შეუძლია, ისაა, რომ თვითონ არ უნდა გაეკაროს „იანდექსის“ მსგავს კომპანიებს.