თეგი: „ლაპის ლაზული“

„ლაპის ლაზულის“ მარშრუტის გააქტიურების მიზნით, საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, დერეფნის ერთ-ერთი მოთამაშე საქართველოა

„ლაპის ლაზულის“ სატრანსპორტო მარშრუტის მონაწილე სახელმწიფოები საკონსულტაციო ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი X-ზე წერს. „ამ მარშრუტის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, განვიხილეთ წევრ ქვეყნებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე შესაბამისი სამუშაოს ჩატარება, ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა, საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. აზერბაიჯანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო და რეგიონულ თანამშრომლობას საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისთვის,“ - განაცხადა ნაბიევმა თურქეთში გამართული შეხვედრის შემდეგ. აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, 3 ოქტომბერს, ნაბიევი მონაწილეობდა სტამბოლში გამართულ შეხვედრაში, რომელზეც ლაპის ლაზულის მარშრუტის გააქტიურებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. განიხილეს მონაწილე ქვეყნებში მარშრუტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა, საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. რაშად ნაბიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო და რეგიონულ თანამშრომლობას საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში. მან ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით აზერბაიჯანის მიერ გატარებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ისაუბრა. სტამბოლში გამართული შეხვედრის შესახებ წერს თურქმენული მედიაც. მისი მიხედვით, თურქეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და ავღანეთის ტრანსპორტის სექტორის მაღალჩინოსნებმა „ლაპის ლაზულის“ მარშრუტის განვითარების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ლაპის ლაზულის“ ქვეყნებს აქვთ დიდი შესაძლებლობა, რომ ამ პროექტის მეშვეობით ხელი შეუწყონ ვაჭრობას, გააძლიერონ კულტურული კავშირები და მხარი დაუჭირონ რეგიონში ეკონომიკურ განვითარებას. მონაწილეებმა განიხილეს ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, ტარიფები და საბაჟო პრაქტიკა საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტზე, ადმინისტრაციულ საკითხებსა და უსაფრთხოების ღონისძიებებზე. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ ისინი პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებენ ინფრასტრუქტურის ხარვეზების მოგვარებაზე, დერეფნის გასწვრივ დაკარგული კავშირების განახლებასა და მის სისრულეში მოყვანაზე. „ინვესტიციები პორტებში, რკინიგზასა და გზებში აუცილებელია, რათა გაიზარდოს დერეფნის სიმძლავრე და კომერციული მიმზიდველობა,“ - აღნიშნა ურალოღლუმ. საბაჟო და სატრანზიტო პროცედურების გამარტივებისა და დიგიტალიზაციის მნიშვნელობაზე საუბრისასმ მინისტრმა ურალოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ ამ დერეფანს გავხდით უფრო მიმზიდველს საერთაშორისო ვაჭრობისთვის ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებით და ჩვენი პროცედურების ჰარმონიზებით, ასევე, ტრანზიტის დროის შემცირებით.“ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მინისტრი ასევე გამოვიდა სარკინიგზო გადაზიდვებზე ფოკუსირების მოწოდებით, რათა ხაზი რაც შეიძლება მალე გააქტიურდეს. მინისტრთა შეხვედრის მთავარი მიზანი, დერეფანში სატრანსპორტო საქმიანობის პოტენციური საფრთხეების აღმოსაფხვრელად და ტრანსპორტისა და ლოგისტიკური პროცესის თითოეულ ეტაპზე კოორდინაციისთვის, რისკების მართვის ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავება იყო. გადაწყდა, რომ ტექნიკურ დონეზე შეხვედრები წელიწადში ორჯერ მაინც და წელიწადში ერთხელ მინისტრების დონეზე გაიმართოს, რათა შეფასდეს პროგრესი და მიღებული გაკვეთილები. მომდევნო მინისტერიალს თურქმენეთი  უმასპინძლებს. თურქმენეთი ცდილობს, გაააქტიურის „ლაპის ლაზულის“დერეფანი, რომლის ერთ-ერთი მოთამაშე საქართველოა ინფორმაციისთვის: საქართველომ „ლაპის ლაზულის“ სატრანზიტო დერეფნის შეთანხმებას 2017 წლის ნოემბერში მოაწერა ხელი. მაშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს პროექტში ჩართულ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას, კერძოდ, ტვირთების და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილების ხელშეწყობას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგებას. „ლაპის ლაზულის“ პროექტის მიხედვით, ავღანეთიდან ტვირთები რკინიგზით და საავტომობილო გზით კასპიის ზღვაზე თურქმენეთის და აზერბაიჯანის პორტებს უკავშირდება, საქართველოში შავ ზღვაზე ფოთისა და ბათუმის პორტების გავლით კი, ტვირთების გადაზიდვა ევროპის მიმართულებით ხდება. „ლაპის ლაზულის“ მარშრუტით ავღანეთიდან წამოსულმა პირველმა ტვირთმა საქართველოს საზღვარი 2018 წლის დეკემბერში გადმოკვეთა.