თეგი: „მაგნიტსკის აქტი“
საგარეო უწყება „მაგნიტსკის აქტზე“: საქართველომ ბოლო წლების პრაქტიკა შეინარჩუნა
„მაგნიტსკის აქტის“ გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა შეინარჩუნა. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ზოგადად, ქვეყანა ევროკავშირის განცხადებებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 50%-მდე შემთხვევაში მიუერთდა. „საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები. რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად, 50%- მდეა გაზრდილი,“ - აცხადებენ სამინისტროში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპულმა საბჭომ „მაგნიტსკის აქტის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. მისი ინფორმაციით, საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უერთდებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ამ ჩამონათვალში საქართველო არ იყო.