თეგი: „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“-ში შეყვანილი ე.წ. „გაგრის ჯგუფის“ სამი წევრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი, ე.წ. გაგრის ჯგუფის სამი წევრი, სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში, მძევლად ხელში ჩაგდებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა 1999 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოქალაქეთა მკვლელობის მცდელობა ჩაიდინეს. ასევე, ბრალდებულებმა ყაჩაღური თავდასხმის გზით მოქალაქეებს გასტაცეს პირადი ნივთები და ძვირფასეულობა. გარდა ამისა, ე.წ. „გაგრის ჯგუფის“ წევრებმა, გალის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა პირებს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მძევლად აიყვანეს, რის შემდგომაც ოჯახის წევრებისგან მათ გასათავისუფლებლად მოითხოვეს გამოსასყიდი თანხა. მათ ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, რის შემდეგ მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა. სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მათ საბოლოოდ განესაზღვრათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სამივე ბრალდებული შეტანილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.