თეგი: „პოსტვ“

დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV-ს“ სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს.“ დაწესებული სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, ტრასტული მომსახურების [მომსახურება, როცა ერთი პირი ან კომპანია მართავს სხვის ქონებას, აქტივებს ან უფლებებს მის ნაცვლად, შეთანხმებული პირობებით] აკრძალვას, დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას. სანქცირების საფუძველზე საუბრისას დიდი ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ ხსენებული მედიასაშუალებები ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, ძირითადად საქართველოში მყოფი აუდიტორიისთვის -  ინფორმაციას, რომელიც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას.“ ბრიტანეთის მთავრობა ასევე მიუთითებს, რომ ორივე ტელევიზია რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.“ ცნობისთვის, დღეს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. განახლება: დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებას განცხადებით გამოეხმაურა „იმედი.“