თეგი: „რუსთავი2“
გვარამია: სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი
პოლიტიკური გაერთიანება "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო. სარჩელი ეხებოდა ნიკა გვარამია საქმეს, რაშიც იგი ადგილობრივმა სასამართლოებმა დამნაშავედ სცნეს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. "ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა. მართალია, სამწუხარო ამბავია, მაგრამ რ2-ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა. არა უშავს, შეიცვლება ხელისუფლბაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც," - წერს ნიკა გვარამია. ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან, მათი სარჩელის არმიღების რაიმე ოფიციალური მიზეზი არ იცის: „სამწუხაროდ არაფერი ეწერა. ერთი წინადადება იყო, განმარტების გარეშე." თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. 2023 წლის 22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია მას შემდეგ შეიწყალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.