თეგი: „რუსული სახლი“
აზერბაიჯანმა „რუსული სახლის“ ლიკვიდაციის პროცესი დაასრულა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა კომენტარი გააკეთა ბაქოში „რუსული სახლის“ შესაძლო აღდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და განაცხადა, რომ მისი დახურვის გადაწყვეტილება საბოლოოა და ეს უკვე სრულად შესრულდა. მინისტრმა ეს განცხადება წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიხაილ კალუგინის ბოლოდროინდელი განცხადებების შესახებ, რომელიც ბაქოსა და მოსკოვს შორის ამ საკითხზე დიალოგის შესაძლებლობას ეხებოდა. ბაირამოვმა ხაზი გაუსვა, რომ „რუსული სახლი“ აზერბაიჯანში მოქმედებდა საჭირო რეგისტრაციის გარეშე და მან არაერთხელ დაარღვია ადგილობრივი კანონმდებლობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას არაერთხელ ეცნობა ყველა რეგულაციის დაცვისა და დარღვევების აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ. „ეს იყო „რუსული სახლის“ დახურვის გადაწყვეტილების მიზეზი. გადაწყვეტილება მიღებულია და შესრულდა. ქვეყანაში ყველა მსგავსი სტრუქტურა მკაცრად უნდა მოქმედებდეს აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად. ყველაფერი დანარჩენი მიუღებელია,“ - აღნიშნა მინისტრმა. ბაირამოვის ცნობით, „რუსულ სახლთან“ დაკავშირებით, რუსულ მხარესთან ბოლო კონტაქტები რამდენიმე კვირის წინ შედგა და იმ დროს ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებული ზოგიერთი ტექნიკური საკითხი კვლავ რჩებოდა. „რუსულმა მხარემ ლიკვიდატორები დანიშნა. ჩემი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, გადაუჭრელი საკითხები არ არსებობს და ლიკვიდაციის პროცესი სრულად დასრულებულია,“ - განაცხადა ბაირამოვმა. „რუსული სახლი“ არაფორმალური სახელწოდებაა რუსეთის ფედერალური სამთავრობო სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოსი“, რომლის ოფიციალურ გვერდზე მთავარ მისიად მითითებულია „მსოფლიოში რუსეთის ჰუმანიტარული გავლენის გაძლიერება“. სააგენტოს თანახმად, ორგანიზაციას მსოფლიოს 71 ქვეყანაში 87 წარმომადგენლობა აქვს. ცნობისთვის, „როსსოტრუდნიჩესტვო“ იმ სახელმწიფო სტრუქტურებს შორისაა, რომლებიც ევროკავშირის მიერ სანქცირებული არიან უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო.