თეგი: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიებმა ტენდერებით 2,6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, ხაჩიკ მოსოიანის კომპანიებმა 49 სახელმწიფო შესყიდვით, 2014-2022 წლებში 2,687,008 ლარი მიიღეს - აქედან 1,928,488 ლარი (71.7%) დარიცხულია ახალქალაქის მერიიდან, სადაც მისი რძლის ძმა იურიდიულ სამსახურს 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „ხაჩიკ მოსოიანის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, მისი კომპანიები, შპს „ვემი“ და შპს „გოლდ 777“ სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შიესწავლოს შპს „ვემისა“ და შპს „გოლდ 777-ის“ სახელმწიფო შესყიდვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს. „ხაჩიკ მოსოიანი 2013-2014 წლებში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო, 2018-2019 წლებში კი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ხაჩიკ მოსოიანის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, მისი კომპანიები, შპს „ვემი“ და შპს „გოლდ 777“ სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ. შპს „ვემ“ მისმა რძალმა, ერანუჰი ალექსანიანმა 2014 წლის მაისში დააფუძნა და სახელმწიფო შესყიდვების მიღება დაიწყო ახალქალაქის მერიაში, სადაც მის ძმას, ხაჩატურ ალექსანიანს იურიდიულ სამსახურში ჯერ სპეციალისტის, 2015-2021 წლებში კი უფროსის პოზიცია ეკავა. შპს „ვემს“ ხაჩიკ მოსოიანის ოჯახი 2019 წლამდე ფლობდა. სხვადასხვა დროს კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი იყო თავად ხაჩიკ მოსოიანიც და მისი შვილი, ვარდ მოსოიანიც. შპს „ვემმა“, 2014-2018 წლებში 23 სახელმწიფო შესყიდვით 1,324,297 ლარი მიიღო. აქედან, 18 შესყიდვით, ჯამში, 1,144,874 ლარზე (86.4%) ხელშეკრულებები ახალქალაქის მერიამ გაუფორმა. ასევე, 497 957 ლარი (37.6%) კომპანიას უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, კონკურენტების დისკვალიფიკაციითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა. მოსოიანებმა კომპანია 2019 წლის იანვარში მას შემდეგ გაყიდეს, რაც შპს „ვემის“ მიერ 2014 წელს ახალქალაქის მერიაში, ოთხი სოფლის წყლის რეაბილიტაციაზე 75 000 ლარად მოგებული ტენდერის გამო, ახალქალაქში გაერთიანებული წყალმომარაგების ოფისის მენეჯერი ვარდ მოსოიანი დააკავეს. მას, 2018 წელს, მითვისება–გაფლანგვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისათვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. გამოძიების მტკიცებით, ვარდ მოსოიანის მეუღლის, ერანუჰ ალექსანიანის სახელზე რეგისტრირებულმა კომპანიამ სამუშაოები ახალქალაქის წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკით და მუშა-ხელით განახორციელა. შპს „ვემის“ გაყიდვის შემდეგ, ხაჩიკ მოსოიანმა, 2019 წლის აპრილში, შპს „გოლდ 777“ დააფუძნა. დღემდე შპს „გოლდ 777“-ს 26 შესყიდვით 1,362,711 ლარი დაერიცხა. აქედან ახალქალაქის მერიამ, 15 შესყიდვაზე, ჯამში, ხელშეკრულებები 783,614 ლარზე (57.5 %) გაუფორმა. ასევე, 655,632 ლარი (48.1%) ხაჩიკ მოსოიანის კომპანიას უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, მისი კონკურენტების დისკვალიფიკაციითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა. ჯამში, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ორივე კომპანიამ უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით 1,153,589 ლარი (ჯამურად მიღებული თანხის 42.9%) მიიღო. ხაჩიკ მოსოიანმა, 2021 წლის 12 აგვისტოს მმართველი პარტიის ანგარიშზე 5 000 ლარი შეიტანა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შიესწავლოს შპს „ვემისა“ და შპს „გოლდ 777-ის“ სახელმწიფო შესყიდვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ განსაკუთრებით გახშირდა, ცილისწამების სარჩელები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სამ ტენდენციას ასახელებს, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, მედიის წინააღმდეგ სასამართლო საქმეთა განხილვებში გამოიკვეთა. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები: განხილვის ვადები გაუმართლებლად ხანგრძლივია; საქმეთა განხილვა სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით ხდება; შრომითი დავების დროს სასამართლო მტკიცების ტვირთს მედიის წარმომადგენლებს აკისრებს. „ბოლო პერიოდში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში მედია გარემოს მნიშვნელოვანი გაუარესების შესახებ საუბრობენ. ამასთან, განსაკუთრებით რთულია პროფესიული საქმიანობის განხორციელება კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის. ბოლო წლებში არაერთი გამოწვევა თუ ტენდენცია ვიხილეთ, რომლის მიზანიც კრიტიკული მედიის საქმიანობის შეზღუდვა და მათი დისკრედიტაციაა. მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ განსაკუთრებით გახშირდა, ცილისწამების სარჩელები, რაც ხელისუფლებისთვის დამატებითი ბერკეტია არასასურველი მედიის შესაზღუდად. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, შრომითსამართლებრივ თუ სხვა უფლებებთან დაკავშირებით 200-მდე ჟურნალისტისა და მედიის სხვადასხვა წარმომადგენლის უფლებებს იცავს სასამართლოში. მიმდინარე საქმეების განხილვის პროცესში მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოიკვეთა, რაც ერთი მხრივ, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონითა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ აქამდე დადგენილ მაღალ სტანდარტს. განხილვის ვადები გაუმართლებლად ხანგრძლივია - სამართალწარმოების პროცესში განსაკუთრებით თვალშისაცემია სასამართლოს მხრიდან არათანაბარი მიდგომა საქმეთა განხილვის ვადებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქმეთა განხილვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევა ჩვენ მიერ წარმოებულ თითქმის ყველა სხვა საქმეში გამოიკვეთა, თუმცა სასამართლოსთვის პრიორიტეტულია და შემჭიდროებულ ვადებში განიხილება მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების სარჩელები. მაგალითად, 2022 წლის 18 აპრილს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, 24 ჟურნალისტის სარჩელით მიმართა სასამართლოს. ამ დრომდე მოცემულ საქმეზე ერთი სხდომაც კი არ დანიშნულა. ეს იმ ფონზე, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედის ცილისწამების სარჩელი „TV პირველის“ წინააღმდეგ 6 თვეში დასრულდა. სასამართლომ განსაკუთრებით შემჭიდროებულად, 3 თვის ვადაში განიხილა, თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელი „TV პირველის“ წამყვანის წინააღმდეგ. ორივე საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მედიის წინააღმდეგ მიიღო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წლებია უკანონოდ განთავისუფლებულ პირთა უფლებებს იცავს სასამართლოში. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ მედიის წარმომადგენლების უფლებების დასაცავად წარმოებულ დავებზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვა არა თუ 6 თვემდე ვადაში სრულდება, არამედ რიგ შემთხვევებში, ამ დროის მონაკვეთში საქმეზე ერთი პროცესიც კი არ ინიშნება. ამგვარი განსაკუთრებული მიდგომა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, შერჩევითი სამართლის ნიშნებს განასახიერებს. საქმეთა განხილვა სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით ხდება - სასამართლო მედიებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით მიმდინარე საქმეების განხილვის პროცესში არ ხელმძღვანელობს კანონითა და უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკით დადგენილი კრიტერიუმებით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ სასამართლო მტკიცების ტვირთს მედიას აკისრებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების საქმეების განხილვისას. სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი მტკიცების ტვირთის მაღალი სტანდარტის რადიკალურად განსხვავებული განმარტება და მტკიცების ტვირთის მედიის წარმომადგენელზე დაკისრების მაგალითია, „TV პირველის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, მოსამართლემ გადაწყვეტილებაში კანონით გათვალისწინებული სტანდარტი, რომლის თანახმადაც ყოველგვარი ეჭვი, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს, დაუსაბუთებელი განმარტების საფუძველზე შეცვალა და მტკიცების ტვირთი მედიის წარმომადგენელს დააკისრა. შედეგად, სარჩელი დაკმაყოფილდა და „TV პირველს” მორალური ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრა. შრომითი დავების დროს სასამართლო მტკიცების ტვირთს მედიის წარმომადგენლებს აკისრებს - მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილების ტენდენცია გვხვდება შრომითსამართლებრივი შინაარსის დავებშიც. აღსანიშნავია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და დაასაბუთოს გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. ამის საპირისპიროდ, ერთ-ერთი ჟურნალისტის, გიორგი ლომინაძის საქმეში „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება მოსარჩელე მხარეს დააკისრა, ამ გარემოებაზე დაყრდნობით კი ჟურნალისტის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. მსგავსი ტენდენცია განმეორდა გიორგი სუხიტაშვილის საქმეშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა რეორგანიზაციის ჩატარების კანონიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს დააკისრეს, რაც არსებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ამ დროისათვის ორივე საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს. ვიმედოვნებთ, რომ საკასაციო სასამართლო გააუქმებს მიღებულ გადაწყვეტილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდება შრომითი უფლებების დაცვის არსებული სტანდარტი. ხელისუფლება სასამართლოს კრიტიკული მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტის სახით იყენებს. ამასთან, სასამართლოს მიერ მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვნად აუარესებს ქვეყანაში როგორც გამოხატვის თავისუფლების, ისე შრომითი უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზენაესმა სასამართლომ ობიექტურად შეაფასოს ქვედა ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შეინარჩუნოს მის მიერვე დადგენილი მაღალი სტანდარტი და პრაქტიკა“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
TI: 2022 წელს, საზღვარგარეთ მივლინებებში 84 დეპუტატზე 1 739 782.93 ლარი დაიხარჯა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პარლამენტის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, საზღვარგარეთ მივლინებებში 84 დეპუტატზე 1 739 782.93 ლარი დაიხარჯა. ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაექვითა 68 704.69 ლარი. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს პარლამენტის საქმიანობის განმავლობაში გაიზარდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, საანგარიშო პერიოდში პარლამენტის 52 წევრმა დასვა 5093 კითხვა; ყველაზე მეტი, 1005 კითხვა დასვა ანა წითლიძემ ოპოზიციიდან. რაც შეეხება საკანონმდებლო პროცესს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ განხილული კანონპროექტებისა და ჩატარებული სხდომების რაოდენობების მიხედვით ყველაზე აქტიური იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტები იყო, ხოლო პასიური - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი; „გაიზარდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევები. დაჩქარებული წესით პარლამენტმა 125 კანონის პროექტი მიიღო; გაგრძელდა კანონპროექტთა განხილვის ვადის გაგრძელების პრაქტიკა. 79 საკანონმდებლო პაკეტთან (363 კანონის პროექტი) დაკავშირებით ვადა 174-ჯერ გაგრძელდა. რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლს, არც ოპოზიციას და არც უმრავლესობას არ გამოუყენებია კომიტეტის სხდომაზე მთავრობის წევრებისა და ანგარიშვალდებული პირების დაბარების მექანიზმი; პარლამენტს წარედგინა საგამოძიებო კომისიის შექმნის 5 მოთხოვნა, მათ შორის სასამართლო სისტემაში კორუფციისა და თბილისში 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ. არცერთი კომისია არ შექმნილა; მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს. გაგზავნილი 5093 სადეპუტატო კითხვიდან პასუხი არ გაეცა 997-ს, რომელთა უმეტესობის ავტორი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო. პასუხებს უმეტესად მუნიციპალიტეტების მერები არ სცემდნენ, მინისტრებიდან კი კითხვები უპასუხოდ დატოვეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა (16 კითხვა) და თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ (14 კითხვა)“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა- საქართველოს“ ანგარიშში. ორგანიზაციის რეკომენდაციით, რეგლამენტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის პროცესში ოპოზიციის სათანადო ჩართულობა და ოპოზიციის წევრების მიერ ცალკეული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება. მისივე თანახმად, პარლამენტის შენობაში შესვლასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, არ ხდებოდეს მოქალაქეებისთვის დაუსაბუთებლად უარის თქმა, პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს; „მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტების განხილვა რეგლამენტით დადგენილ ვადაში ხორციელდებოდეს, არ ხდებოდეს ამ ვადის არგუმენტაციის გარეშე გაგრძელება და ასევე კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა; საპარლამენტო ზედამხედველობის როლის ჯეროვნად შესრულებისთვის, აუცილებელია, როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ მაქსიმალურად გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმები; ანგარიშვალდებული ორგანოები და მთავრობის წევრები პარლამენტს ხელს უნდა უწყობდნენ კონტროლის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებაში, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კონსტიტუციითა და რეგლამენტით გაწერილ საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს; ეთიკის კოდექსის ამოქმედების მიზნით, პარლამენტმა დროულად უნდა შეძლოს ეთიკის საბჭოს დაკომპლექტება“, - ნათქვამია ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში. განახლება: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ორგანიზაციას აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, შეცვალოს ხელისუფლება. „შესაბამისად ამას არგებენ ყველა თავის ანგარიშს, რომ აჩვენონ, რამდენად შესაცვლელია ხელისუფლება. ყველა ასეთი ანგარიში არათუ მიკერძოებულია, არამედ მანიპულაციური და დეზინფორმაციულია“. პაპუაშვილის თქმით, “ეს არ არის არაპროფესიონალიზმი, ეს არის ბოროტი განზრახვა, რომ რამენაირად დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინონ“.