თეგი: „სამი ძმა“
ორი დასახელების ბუშტის რეალიზაცია შეწყდა, დადასტურდა მათი მავნებლობა - განცხადება
ინსპექტირების ფარგლებში მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველობაზე შემოწმების მიზნით 10 სხვადასხვა დასახელების ბუშტის ნიმუში აიღეს, რაც შესამოწმებლად გაიგზავნა თურქეთში, აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. როგორც ზედამხედველობის სააგენტო წერს, შემოწმების შემდეგ დადგინა, რომ 3 დასახელების ბუშტმა ვერ დააკმაყოფილა შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნები, კერძოდ, ელასტომერში ნიტროზამინების მიგრაცია აღემატება სტანდარტით (EN71-12) განსაზღვრულ ზღვარს. უწყების განცხადებაში წერია: NDELA, NDMA და სხვა ნიტროზამინები წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ და რეპროდუქციისათვის საშიშ ტოქსიკურ ნივთიერებებს (CMR), რომელიც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის გამოუსწორებელ დაზიანებას, როგორიცაა სიმსივნე. სათამაშოდან ნივთიერება ორგანიზმში შესაძლოა მოხდეს კანთან ან პირთან კონტაქტის შედეგად. დღეს, 10 იანვარს, სადღესასწაულო აქსესუარებისა და საკონდიტრო მასალების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია "სამი ძმა" აცხადებს, რომ მათი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. მათივე თქმით, ლაბორატორიული კვლევებით პროდუქციის მავნებლობა დადასტურდა. „გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა... პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხეები, კერძოდ, ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ). ბუშტები (სერია/მარკა AUF-20,მწარმოებელი: შპს სამი ძმა) ნიტროზამინის (NDMA,GAS NO 62-75-9) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0,08მგ/კგ, რაც 1,6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ), ბუშტებში (მწარმოებელი XIONG FENG) ნიტროზამინის (NDELA,CAS NO 1116-54-7) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0,18მგ/კგ, რაც 3,6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას(<0,05 მგ/კგ)," - წერია კომპანიის განცხადებაში. კომპანია პროდუქციის ფოტოებსაც ავრცელებს და მომხმარებელს მოუწოდებს, თუკი მათ შეიძინეს აღნიშნული ბუშტები (საუბარია ბუშტზე, სერია/მარკა AUF-20, ბუშტი XIONG FENG), დააბრუნონ „სამი ძმის“ ნებისმიერ ფილიალში, 60 დღის ვადაში. პროდუქციის უკან დაბრუნების ვადა მოიცავს 10.01.2024-დან 09.03.2024-მდე პერიოდს.