თეგი: „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“

საქართველო და სომხეთი საზღვრისპირა სარკინიგზო მომსახურების გაფართოებასა და გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ

„სამხრეთ კავკასიის რკინიგზისა“ და „საქართველოს რკინიგზის“ კომპანიების წარმომადგენლებს შორის ერევანში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, მგზავრთა გადაყვანის საკითხზე რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს. „კერძოდ, მიღებულია გადაწყვეტილება 2026 წლის ზაფხულის სეზონზე ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით ექსპრეს მატარებლის გაშვების შესახებ. მხარეებმა დაამტკიცეს მატარებლის განრიგი 2026 წლის 14 ივნისიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდისთვის, რომელიც დღეგამოშვებით იმოძრავებს. ასევე შეთანხმდნენ ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლაზე, რათა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მატარებლის დგომის დრო შემცირდეს,“ - იტყობინება „არმენპრესი“ კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზაზე“ დაყრდნობით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ჩეხური კომპანია „Gepard Express“-ის დაკვეთით 4-12 ივლისის პერიოდში ერევანი-ბათუმი-ერევნის ტურისტული რეისის განხორციელებაზე. დაგეგმილია ძირითადად ჩეხეთიდან ჩამოსული ტურისტების ჯგუფის გადაყვანა „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ ვაგონებში განთავსებით; მგზავრობისას გათვალისწინებულია გაჩერებები, რომელთა დროსაც, ტურისტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სომხეთისა და საქართველოს ღირსშესანიშნაობებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პირველი მსგავსი რეისი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ წარმატებით 2025 წელს განახორციელა.