თეგი: „სასამართლოს გუშაგი“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა დატოვა - „სასამართლოს გუშაგი“

ორგანიზაცია საქართველოს სასამართლოს გუშაგის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 14 მარტს ჩატარებულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს ორმა წევრმა, ბადრი შონიამ და პაატა სილაგაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვეს. ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ინფორმაციით, ბადრი შონია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, რომელიც 2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, ხოლო პაატა სილაგაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, იუსტიციის საბჭოს წევრად 2021 წლის 31 ოქტომბერს აირჩიეს. ამჟამად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 13 წევრი დარჩა. სასამართლოს გუშაგის ცნობით, შონია და სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან და სწორედ ეს დასახელდა მათ მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზად. "ორი წევრის მიერ საბჭოს დატოვება უშუალოდ კანდიდატების შერჩევის დროს, აზიანებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესს. გარდა ამისა, აჩენს ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, რომ წარმდგენი ორგანო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კვლავ ცდილობს, თავისი რიგებიდან დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა წარსულში," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.