თეგი: „სირცხვილია"

„სირცხვილია“: ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, 20 ივნისს დაგეგმილ შეკრებას დაესწროს

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, რომლითაც 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა. „სირცხვილია" აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაში, თუმცა მას სთავაზობს საპასუხო ნაბიჯი გადადგას. „ერთ კვირაზე მეტია, სამოქალაქო საზოგადოება ემზადება 20 ივნისის შეკრებისთვის, რომლის მიზანიცაა, გააერთიანოს ქართველი ხალხი მიუხედავად მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა განსხვავებებისა. ისტორიული გადაწყვეტილების წინ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია ერთ-ერთი ისეთი იშვიათი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს. პრეზიდენტმა 16 ივნისს საზოგადოებას ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად, ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს! ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.