თეგი: „ტროას ნაკვალევი“
საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ტროას ნაკვალევი 24“ მასპინძლობს
საქართველოში მრავალეროვნულ სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ იმართება. სწავლებაში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის ქვედანაყოფები მონაწილეობენ. სწავლება - „ტროას ნაკვალევი 24“ აშშ-ის ევროპაში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის (US-SOCEUR) ორგანიზებით, პარალელურად სამ ქვეყანაში - რუმინეთში, საბერძნეთსა და საქართველოში ტარდება. საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. „სწავლებაში, ასევე ჩაერთვებიან ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. სწავლების ფარგლებში, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, პარტნიორი ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად, სახმელეთო და საზღვაო კომპონენტებში მომზადებას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაივლიან. „ტროას ნაკვალევი 24“ მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას, გამოცდილების გაზიარებასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას. საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნულ სწავლებაში მესამედ მონაწილეობს. მსგავსი სახის საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობით, საქართველო აძლიერებს შეკავებისა და მდგრადობის შესაძლებლობებს, ზრდის თავდაცვისუნარიანობას და NATO-ს წევრ ქვეყნებთან თავსებადობას,“ იუწყება თავდაცვის სამინისტრო. მისივე ცნობით, სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონია NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ და საქართველოში აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ეროლ მუნირმა სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.