თეგი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი
ომბუდსმენის თქმით, გამჭვირვალობის მიღწევა, მოქმედ კანონმდებლობაში სხვაგვარი ცვლილებით შეიძლება
სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანი - საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა, ლეგიტიმური მიზანია, თუმცა მისი მიღწევა შესაძლებელია გაერთიანების უფლებაში არაპროპორციული ჩარევის გარეშე, რაც არ უნდა გამოიხატოს ორგანიზაციების სტიგმატიზირებასა და ადამიანების ღირსების შელახვაში. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ამასთან, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აღნიშნული „ლეგიტიმური მიზნის მიღწევა“ შესაძლებელია, მოქმედ კანონმდებლობაში სხვაგვარი ცვლილების შეტანით. იოსელიანი კანონპროექტის ავტორებს კონსულტაციებს სთავაზობს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განმეორებით ინიცირებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივის მიზანი - საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა - წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა მისი მიღწევა შესაძლებელია გაერთიანების უფლებაში არაპროპორციული ჩარევის გარეშე, რაც არ უნდა გამოიხატოს ორგანიზაციების სტიგმატიზირება და ადამიანების ღირსების შელახვაში. სახალხო დამცველის პოზიციით, ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია, მოქმედ კანონმდებლობაში სხვაგვარი ცვლილებების შეტანის გზით. 1 წლის წინ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იყო მსგავსი კანონპროექტები, რომლებიც სახალხო დამცველის 2023 წლის 24 თებერვლისა და 6 მარტის მიმართვების საფუძველზე, შეფასებული აქვს ეუთო/ოდირს და მიჩნეული აქვს ადამიანის ძირითად უფლებებთან შეუსაბამო ინიციატივებად. საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, ვინაიდან, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებასთან, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით, სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში ასახული მსგავსი მოწესრიგება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უარყოფითად შეაფასეს. შესაბამისად, სახალხო დამცველის მოსაზრებით, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს არცერთი სამართლებრივი აქტი, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს კონსტიტუციური მისწრაფების აღსრულებას. აქვე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 2020 წლიდან საქართველოში არსებობს eAIMS მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად. აღნიშნული ბაზა განთავსებულია ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, მოიპოვოს ინფორმაცია ყველა დონორის, დაფინანსების ტიპის, პროექტის და თემატური მიმართულების შესახებ. ამავე პორტალზე, ძალიან იოლი საძიებო სისტემის საშუალებით შესაძლებელია, ინახოს ორგანიზაციების მიერ გაწეული ხარჯების ოდენობაზე ინფორმაცია. სახალხო დამცველის მოსაზრებით, „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის და ზემოაღნიშნული eAIMS მონაცემთა ბაზის მოდიფიცირებით, შესაძლებელია, მარტივად იყოს მიღწეული საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდის ლეგიტიმური მიზანი. ცალკე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის ორგანიზაციებთან სხვადასხვა სახის (შრომით ან მომსახურების სახელშეკრულებო) ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი პირის შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების საფუძველს, რაც შესაძლოა, ხელყოფდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი სრულ მზაობას გამოხატავს - განსახილველი ინიციატივების ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დამატებითი კონსულტაციები გამართოს კანონპროექტის ავტორებთან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების ფონზე "ჩაგდებული" პროექტის იდენტურია. კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს." პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. შსს აცხადებს, რომ გამოიყენებს სპეციალურ საშუალებებს, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციის მოთხოვნას