თეგი: „შპს რეტრო“
„რეტროსა“ და „რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერდა, კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა
შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა. უწყების მიერ შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა. უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორ ზეგანაკვეთური ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით. ამჟამად კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს. შეგახსენებთ, რესტორან `რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კაცი ძალადობის მუხლით არის დაკავებული. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.