თეგი: „ხარება“
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ამერიკულ პარტნიორებთან ერთად, „მეღვინეობა ხარებას“ გენერალური დირექტორი და მთავარი მეღვინე ვლადიმერ კუბლაშვილი აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიის ოფიციალურ სპიკერად შეარჩია
საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ამერიკულ პარტნიორებთან ერთად, „მეღვინეობა ხარებას“ გენერალური დირექტორი და მთავარი მეღვინე ვლადიმერ კუბლაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი კამპანიის ოფიციალურ სპიკერად შეარჩია. კამპანიის ფარგლებში სწორედ ვლადიმერ კუბლაშვილი წარმოადგენს ქართულ ღვინოს ამერიკულ მედიასთან ინტერვიუებსა და სხვადასხვა საკომუნიკაციო აქტივობაში. როგორც ვლადიმერ კუბლაშვილმა Europetime-თან განაცხადა, ეს მისთვის დიდი პატივი, პასუხისმგებლობა და აღიარებაა იმ მრავალწლიანი შრომის, რომელსაც „მეღვინეობა ხარება“, მისი დამფუძნებლები და მთელი გუნდი 1995 წლიდან სწევენ. „საქართველოში ღვინო მხოლოდ წარსულის დიდებული ისტორია არ არის. ჩვენ ღვინის სამშობლო დღესაც ვართ — ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, უნიკალური მეღვინეობის კულტურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით. მეამაყება,რომ უკვე 20 წელია, „მეღვინეობა ხარებაში“ ვმუშაობ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ხარებას“ ღვინო ქართული ღვინის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია საერთაშორისო ბაზარზე. ვფიქრობ, როდესაც ვამბობთ — „საქართველო ღვინის სამშობლოა“, „მეღვინეობა ხარება“ ამ ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი და ქართული ღვინის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია,“ – ამბობს ვლადიმერ კუბლაშვილი. ვლადიმერ კუბლაშვილი არის “მეღვინეობა ხარებას“ გენერალური დირექტორი, ენოლოგი, ღვინის ინდრუსტრიის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, WSET 4 დიპლომის კანდიდატი, საერთაშორისო ღვინის მსაჯი, სპიკერი და ასევე ქართული ღვინისა და “მეღვინეობა ხარებას“ აქტიური ელჩი საერთაშორისო ასპარეზზე.