თეგი: „ჯარის ბანაკი“

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მიმდინარე „ჯარის ბანაკში“ მოსწავლეების როტაცია დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში აქტიურად მიმდინარე საზაფხულო პროექტის „ჯარის ბანაკის“ ერთი როტაცია დასრულდა. ორშაბათიდან კი, „ჯარის ბანაკი“ ბავშვების ახალ ნაკადს უმასპინძლებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წელს სერჟანტთა აკადემიაში მოწყობილი „ჯარის ბანაკი“ საერთო ჯამში ბავშვების 8 როტაციას მიიღებს და 18 აგვისტოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეზე მომავალ წლამდე დაიხურება. აღნიშნულ როტაციაზე „ჯარის ბანაკს“ თბილისის, გორის, ვალეს, ახალციხისა და ახალქალაქის სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ. ბანაკში ყოფნის ბოლო დღეს მათ კოჯორში სამთო მომზადება ჩაუტარდათ, ვაზიანის მე-4 ქვეითმა ბრიგადამ კი, სპეციალურად ბავშვებისთვის სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა მოაწყო. სამხედრო ქვედანაყოფში მოსწავლეებს სიმულაციურ ცენტრში სხვადასხვა იარაღიდან სროლისა და ერთმანეთთან შეჯიბრის საშუალებაც მიეცათ. ხუთდღიანი პროგრამის დასასრულს, სერჟანტებმა ბავშვებს სამახსოვროდ „ჯარის ბანაკის“ სასაჩუქრე ჩანთები გადასცეს და მათთან ერთად იმხიარულეს. „ჯარის ბანაკში“ გატარებული დღეები ბავშვებისთვის დაუვიწყარი თავგადასავლებით, სიახლეებით და ფიზიკური აქტივობებით დატვირთული იყო. სერჟანტ-ინსტრუქტორების დახმარებით მოსწავლეებს საცეცხლე მომზადებაში, წინაღობათა ზოლის გადალახვაში, ორიენტირებით სირბილსა და ნავიგაციაში შეჯიბრებები ჩაუტარდათ. ბავშვებმა პირველადი სამედიცინო დახმარებისა და თვითგადარჩენის სავარჯიშოებშიც მიიღეს მონაწილეობა და ქართველი სამხედროების ცხოვრების ამსახველი ნახატებიც შექმნეს,“ - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. „ჯარის ბანაკი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებით დაიწყო და მას თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას. გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა.   ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.  

კოჯორში ,,ჯარის ბანაკი‘’ აქტიურად გრძელდება - თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კოჯორში ,,ჯარის ბანაკი‘’ აქტიურად გრძელდება. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია „ჯარის ბანაკის“ უკვე მეხუთე ნაკადს მასპინძლობს. მოსწავლეებს დღის მანძილზე ჯერ თეორიული მეცადინეობები უტარდებათ, შემდეგ კი პრაქტიკულ ნაწილში ეჯიბრებიან ერთმანეთს. პირველადი სამედიცინო დახმარება, სახმელეთო ნავიგაცია, თვითგადარჩენა, საცეცხლე, სამთო და საინჟინრო მომზადება, ასევე გუნდურობა და ეფექტური კომუნიკაცია - ეს ის ჩამონათვალია, რომელიც „ჯარის ბანაკში“ ერთი კვირის განმავლობაში ისწავლება. საღამოობით კი, „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები სტუმრობენ და ბავშვებთან საინტერესო შეხვედრებს აწყობენ. ამჯერად, სამხედრო ისტორიკოსმა გიორგი ბერიძემ და ქართული იარაღების მუზეუმის დამაარსებელმა დავით ნასარიძემ უფროსკლასელებს სამხედრო ისტორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები წარუდგინეს. საღამოს ბავშვებმა კოცონის ირგვლის გადაინაცვლეს და სერჟანტ-ინსტრუქტორებთან ერთად სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. დაუვიწყარი თავგადასავლებით სავსე „ჯარის ბანაკი“ საქართველოს მასშტაბით ყველა იმ სკოლის უფროსკლასელებს უხსნის კარს, სადაც საგნები „თავდაცვა და უსაფრთხოება“ და „სამხედრო საქმე“ ისწავლება. „ჯარის ბანაკს“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად.