თეგი: 27 სექტემბერი
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია. გზა ამ მიზნისაკენ მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე გადის
საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის მიზანია და იგი ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს გაერთიანების მიზნისაკენ გზა მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე, დიალოგზე და თანამშრომლობაზე გადის. „1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა. ომმა ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ამ დღიდან, საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია და იგი ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის. ასევე გვჯერა, და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ საქმით, რომ გზა ამ მიზნისაკენ მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე, დიალოგზე და თანამშრომლობაზე გადის. მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობას და კეთილდღეობას”,-წერს პრემიერ-მინისტრი. სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს სამთავრობო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. 1992-1993 წლებში, ომის შედეგად, 3 ათასზე მეტი ჯარისკაცი და 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.
მთავრობის, პარლამენტის და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს
მთავრობის, პარლამენტის, ასევე პრეზიდენტის სასახლის ეზოში და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.