თეგი: 31მარტი
31 მარტის რეფერენდუმი ჩვენს ისტორიაში დარჩება მოვლენად, რომელმაც მყარი საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას - ღარიბაშვილი
სწორედ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები დაედო საფუძვლად უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ეს დღე სამაგალითო გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო ერთსულოვნების თვალსაზრისითაც. ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამართულ რეფერენდუმზე ჩვენმა ხალხმა, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ჩათვლით, მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სოციალურ ქსელში წერს. „კიდევ ერთი მიზეზით არის 31 მარტი ღირსშესანიშნავი, - დღეს რეფერენდუმის სულისჩამდგმელის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეა. 31 მარტის რეფერენდუმი ჩვენს ისტორიაში დარჩება მოვლენად, რომელმაც მყარი საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, იმ მიზნისკენ სვლას, რომელიც ქართველთა ყველა თაობას აერთიანებს,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.