თეგი: AFP

უკრაინაში, AFP-ის ჟურნალისტი დაიღუპა

მედიის ცნობით, Agence France-Presse-ის ვიდეოჟურნალისტი, არმან სოლდინი უკრაინაში, ჩასივ იარზე რუსეთის ძალების თავდასხმის დროს დაიღუპა. AFP-ის ცნობით, თავდასხმა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 16:30 საათზე მოხდა. AFP-ის გუნდი, რომელშიც სოლდინი შედიოდა, უკრაინელ ჯარისკაცებთან იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა ქალაქის მიმართულებით, რაკეტების გაშვება დაიწყო. „32 წლის ვიდეოჟურნალისტი დაიღუპა, როდესაც რაკეტა მოხვდა იმ ადგილს, სადაც ის თავს იფარებდა“, - წერს AFP. ჩასივ იარი ბახმუტის დასავლეთით მდებარეობს. „ჩვენ განადგურებულნი ვართ არმანის დაკარგვით. მისი გარდაცვალება არის საშინელი შეხსენება იმ რისკებისა და საფრთხისა, რომლებსაც აწყდებიან ჟურნალისტები, რომლებიც ყოველდღიურად აშუქებენ უკრაინის კონფლიქტს“, -  წერს AFP-ის თავმჯდომარე ფაბრის ფრისი.