თეგი: Agile Spirit

საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2023 ჩატარდა

მრავალეროვნული საერთაშორისო სამხედრო სწავლება Agile Spirit 2023 ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების ოფიციალურ დახურვამდე ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა. განხორციელდა რეიდის, ბლოკირებისა და კონტრშეტევის ოპერაციები. საჩვენებელ სწავლებაში თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონთან ერთად, აშშ-ის ეროვნული გვარდიის, საზღვაო ქვეითების საინჟინრო, ასევე, რუმინეთისა და მოლდოვის ქვეითთა ოცეულები მონაწილეობდნენ.  ღონისძიების დასასრულს, სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, სამახსოვრო დაფებითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. სწავლების დახურვას მონაწილე ქვეყნებიდან მაღალი რანგის სამხედრო პირები, საქართველოს თავდაცვის ძალების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.საქართველომ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit) უკვე მეთერთმეტედ უმასპინძლა. სწავლების დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს სამხედროებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას. სწავლების დაგეგმვისა და ჩატარების საქმეში მხარდაჭერისთვის მან მადლობა გადაუხადა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - აშშ-ს და მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ჯოზეფ ჯერარდი. Agile Spirit 2023 მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალებს, აშშ-ის გაერთიანებულ ძალებს, მოკავშირეებსა და პარტნიორ ძალებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას.

„მტკიცე სული 2025“ საქართველოსა და თურქეთში ჩატარდება

25 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) გაიმართება.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალებს შორის მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლების მთავარი შემადგენელი კომპონენტებია სამეთაურო-საშტაბო ნაწილი, ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი სენაკი-ვაზიანის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კომბინირებული სწავლება საბრძოლო სროლებით, სპეციალური ოპერაციების ძალების ერთობლივი აქტივობები და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ვალიდაცია. Agile Spirit 2025 საქართველოსა და თურქეთში ჩატარდება. საქართველოში დაგეგმილ Agile Spirit 2025-ს ერთობლივად უხელმძღვანელებენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია. მასში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვის და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. სწავლებაში დამკვირვებლებად იქნებიან წარმოდგენილნი სომხეთისა და იაპონიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. „Agile Spirit 2025 რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება, კერძოდ: კრწანისში, NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ვაზიანში - საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის პოლიგონებზე, ნორიოს საწვრთნელ არეალში, მუხროვანსა და სენაკში - მე-2 ქვეით ბრიგადაში. სწავლებაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა და საჰაერო საშუალებები. სწავლებაში მონაწილეობისთვის საქართველოში მოზიდულია აშშ-ის არმიის საბრძოლო მანქანები და მრავალფუნქციური ვერტმფრენები UH60 „შავი ქორი“, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში არსებული შვეულმფრენი პუმა AS332. სწავლების აღსრულება დაიწყება 21 ივლისს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით თურქეთში, ადანის პროვინციასთან ახლოს,“ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სწავლებას საქართველო მეთორმეტედ უმასპინძლებს.