თეგი: Apache ვერტმფრენი

აშშ პოლონეთს Apache-ის ტიპის 8 ვერტმფრენს გაუგზავნის

„აშშ-ს არმია პოლონეთს Apache-ის ტიპის შვეულმფრენებს საკუთარი რესურსებით გადასცემს, 96 შვეულმფრენის შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე“, განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბლაშჩაკმა ვაშინგტონში, პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ.  პოლონელი მფრინავების მომზადება რამდენიმე კვირაში დაიწყება. „აშშ-ის არმია მოგვაწვდის ვერტმფრენებს საკუთარი რესურსებით, ვიდრე შესყიდვის კონტრაქტს ხელს მოვაწერთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და მადლობას ვუხდი მინისტრ ოსტინს ამ გადაწყვეტილებისთვის“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა. პოლონეთმა ამ ვერტმფრენების შეძენის სურვილი ჯერ კიდევ შარშან გამოთქვა, თუმცა გადაცემის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. „ეს საფრენი აპარატები მნიშვნელოვანია, რადგან კარგად მოქმედებენ „აბრამსის“ ტიპის ტანკებთან, რომლებიც ვარშავამ ასევე შეუკვეთა აშშ-ს ბოლო წლებში“, - განაცხადა მინისტრმა. NATO-ს წევრი პოლონეთი, სადაც მილიონობით უკრაინელმა შეაფარა თავი მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო, ვერტმფრენების განლაგებას მე-18 მექანიზირებულ დივიზიასა და საჰაერო ძალების პირველ ბრიგადაში გეგმავს. შესყიდვა ჯერ აშშ-ს კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაამტკიცონ. AH-64 Apache თავდასხმისთვის განკუთვნილი ვერტმფრენია, რომელიც აშშ-ის არმიას 1980 წლიდან ემსახურება. ვერტმფრენი 30 მმ-იანი ტყვიამფრქვევით არის აღჭურვილი და შექმნილია ორკაციანი ეკიპაჟისთვის.