თეგი: Brexit

დიდი ბრიტანეთის პრემიერი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და მსგავსი ქმედებები საფრანგეთსა და გერმანიაშიც ხორციელდება. BBC-ის ინფორმაციით, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ პრემიერის პოსტზე მოსვლის შემდეგ მან იკითხა 2016 წლის კენჭისყრაში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ. „მივიღე მკაფიო პასუხი, რომ - დიახ, ასეთი რამ მოხდა.“ „ვფიქრობ, ამ საკითხში ზედმეტად პასიურები ვიყავით და საზოგადოება არასაკმარისად ინფორმირებული იყო იმის შესახებ, თუ რა მასშტაბით ცდილობენ უცხოეთიდან პოლიტიკური პროცესების ხელყოფას“, - აღნიშნა ენდი ბერნემმა. მას არ დაუკონკრეტებია „ბრექსითის“ რეფერენდუმის დროს მოსკოვის ქმედებების ხასიათი ან მასშტაბი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის ჩარევის პრობლემა გერმანიაში ვიზიტის დროს კანცლერ ფრიდრიხ მერცთან განიხილა. “რუსეთიდან გერმანიის პოლიტიკურ სივრცეში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, დეზინფორმაცია. ახლა მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მკაფიოდ დაფიქსირდეს და საჯაროდ ითქვას. მიმაჩნია, რომ ეს გერმანიისა და საფრანგეთის ამომრჩევლებს დაეხმარება იმის გააზრებაში, რომ პოლიტიკური პროცესების გარკვეული ნაწილი ჩვენი მტრების, კერძოდ კი რუსეთის, მიერ არის ინსპირირებული,” - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში 2016 წელს ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის საკითხზე. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას. გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა 2020 წელს. მთელი ეს პროცესი Brexit-ის სახელითაა ცნობილი.