თეგი: DTEK
საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს უკრაინის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია DTEK-სთვის $267 მილიონის გადახდა დააკისრა
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა უკრაინის უმსხვილეს კერძო ენერგეტიკულ კომპანია DTEK-ს 267 მილიონი დოლარის ოდენობის ზიანი უნდა აუნაზღაუროს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს. რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა 2017 წლიდან მიმდინარეობს. „მე მჯერა სამართლიანობის და ზუსტად ვიცი, რომ დღევანდელი დღე იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი სწორი მსოფლიო წესრიგის აღდგენისკენ. და ჩვენ მივყვებით ამ გზას, ვიდრე რუსეთი პასუხს არ აგებს იმ ბოროტებისთვის, რაც მან ჩვენს ქვეყანას მოუტანა,“ - განაცხადა DTEK-ის აქციონერმა რინატ ახმეტოვმა. კომპანიის განმარტებით, ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ, უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ჩამორთმეული აქტივების გამო, კომპანია DTEK-ის მოთხოვნა აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ, სრულად დააკმაყოფილა. „დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით, ყირიმში უკრაინული ინვესტიციების ექსპროპრიაციისთვის,“ - განაცხადა მარნი ჩიკმა, Covington & Burling LLP-ის პარტნიორმა, რომელიც DTEK-ს წარმოადგენდა. DTEK-მა განმარტა, რომ გეგმავს, გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ დაიწყოს. ცნობისთვის, უკრაინის უმდიდრეს ადამიანს, რინატ ახმეტოვს მარიუპოლში ფოლადის ქარხნების დაბომბვის შედეგად უდიდესი ზარალი მიადგა. ახმეტოვის მფლობელობაში იყო ქარხანა „აზოვსტალი“, რომელიც რუსეთის ძალების სამიზნე გახდა. მარიუპოლის დაბომბვისას ასევე მნიშვნელოვნად დაზარალდა „ილიჩის სახელობის მეტალურგიული კომბინატი.“