თეგი: ECRI

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია, საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია, საქართველოს შესახებ მოხსენებას აქვეყნებს. დოკუმენტი, რომელიც 2023 წლის 28 მარტს არის მიღებული, დღეს, 22 ივნისს გახდა ხელმისაწვდომი. მოხსენების თანახმად, ECRI მიესალმება ამ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოში. თუმცა, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, 6 ზოგიერთი საკითხი მაინც შეშფოთებას იწვევს. „სახალხო დამცველის ზოგიერთ ქმედებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა მთავრობის პოლიტიკოსებისაგან, რაც ქმნის შეშფოთების საფუძველს, რადგან ამით ადვილად შეიძლება, შეილახოს სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტის სანდოობა, დამოუკიდებლობა და რეპუტაცია. რაც შეეხება ლგბტი პირებს, საქართველოში არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ერთნაირსქესიანი პარტნიორობის დასარეგისტრირებლად. ამასთან, ხელისუფლების ორგანოებს არ განუხილავთ არსებული კანონმდებლობა იმ მიზნით, რომ შეეფასებინათ, სხვა რა სახის პრობლემებს აწყდებიან ერთსქესიანი წყვილები უფლებებზე თანასწორი წვდომისათვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე, არ არსებობს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, მთავრობის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაბამის ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა ლგბტი თანასწორობის საკითხებზე დისკუსია. მიუხედავად ECRI-ის რეკომენდაციისა მის ბოლო მოხსენებაში, ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რა პირობების შესრულებაა საჭირო სქესის ლეგალური აღიარებისათვის. სიძულვილის ენა ლგბტი პირების მიმართ, განსაკუთრებით ონლაინ სოვრცეში, მზარდი პრობლემაა და არა მხოლოდ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავრცელებს, არამედ, ამავდროულად, ბიძგს აძლევს დისკრიმინაციასა და ძალადობას. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არსებობს რასისტული და ლგბტი თემის საწინააღმდეგო სიძულვილის ენის მონიტორინგის ქმედითი სისტემა“, - წერია დოკუმენტში.  მისივე თანახმად, დღემდე არ შეფასებულა, რა გავლენა მოჰყვა სხვადასხვა ტრენინგაქტივობას სამართალდამცავების, პროკურორებისა და მოსამართლეებისათვის სიძულვილით ჩადენილი დანაშაულების თემაზე. მეტიც, პოლიციაში ჯერ კიდევ არ არსებობს საგანგებო განყოფილება, რომელიც სპეციფიკურად რასისტული და ლგბტი-ფობიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე იმუშავებს. „ჯერ კიდევ უკიდურესად არასაკმარისია ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების დონე ქვეყანაში მცხოვრებ იმ ისტორიულ ეთნიკურ უმცირესობებში, რომელთათვისაც ქართული მშობლიური ენა არ არის. ოფიციალური სახელმწიფო ენის სრულყოფილად არცოდნის გამო, ეს ადამიანები სრულიად არათანაბარ პირობებში ხვდებიან სოციალური ინტეგრაციისა და ინკლუზიის თვალსაზრისით. ამ საკითხთან დაკავშირებულმა პრობლემებმა თავი იჩინა ასევე COVID-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომების კონტექსტში, როცა ინფორმაცია, განსაკუთრებით დასაწყისში, ყოველთვის არ იყო მყისიერად ხელმისაწვდომი უმცირესობათა ენებზე, იმ არეალებშიც კი, სადაც ეთნიკური უმცირესობები მჭიდროდ სახლობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ჯერ კიდევ არ შეუცვლია თავისი 2015 წლის პოლიტიკა, რომელიც ფოკუსირებულია „სახელმწიფოს შიდა და საერთაშორისო უსაფრთხოების დისკურსზე“, როცა საქმე ეხება საქართველოს მოსახლეობის რელიგიურ მრავალფეროვნებას. გარდა ამისა, ერთმანეთთან არ თანამშრომლობენ და კონსტრუქციულ ურთიერთობას არ ამყარებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის რელიგიათა საბჭო“. ECRI იძლევა რეკომენდაციას, ხელისუფლების ორგანოებმა უზრუნველყონ, რომ პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით, მთავრობის წევრებმა თავი შეიკავონ ისეთი კომენტარებისაგან, რაც არყევს სახალხო დამცველის ინსტიტუტის სანდოობას, რეპუტაციასა და დამოუკიდებლობას. ECRI კვლავ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა მკაფიოდ უნდა დაარეგულირონ პირის ახალი სქესის ოფიციალური აღიარების პირობები. ECRI კვლავ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა უნდა დანერგონ რასისტული და ლგბტი თემის წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენის მონიტორინგის ქმედითი სისტემა, რომელიც დაეყრდნობა სახალხო დამცველისა და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტიზას, მათ შორის, ლგბტი თემის მხრიდან. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ევროპის საბჭოს მხარდაჭერა. ECRI კვლავ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა შეაფასონ, რა გავლენა აქვს ტრენინგებს, რომლებიც ჩაუტარდათ იმ სამართალდამცავებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს, რომლებიც მუშაობენ სიძულვილით ჩადენილ დანაშაულებზე და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ. ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა მნიშვნელოვნად გაზარდონ ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების საათები უმცირესობათა სკოლებში, დაწყებით და საშუალო საფეხურზე. ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ჩამოაყალიბონ უწყებათაშორისი კომიტეტი, რათა შესრულდეს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმების თანასწორობის მიმართულება. ეს კომიტეტი უნდა მოიცავდეს წარმომადგენლებს სახალხო დამცველის ოფისიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სამოქალაქო საზოგადოების შესაბამისი ორგანიზაციებიდან, რომლებიც წარმოადგენენ ECRI-თვის საყურადღებო ჯგუფებს. ECRI იძლევა მკაცრ რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა თავიანთი პოლიტიკა რელიგიის სფეროში მიმართონ არადისკრიმინაციულ პრინციპზე და რელიგიური შემწყნარებლობის განვითარებაზე, ინკლუზიისა და ინტეგრაციის პერსპექტივიდან გამომდინარე. ამასთან, „ECRI სერიოზული შეშფოთებით შენიშნავს“, რომ სახალხო დამცველის ზოგიერთმა ქმედებამ NPM-ის მანდატის ფარგლებში - კერძოდ, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, მიმართებით - გამოიწვია მკაცრი კრიტიკა ზოგიერთი სამთავრობო პოლიტიკოსის მხრიდან. „მართალია, ეს კრიტიკა სახალხო დამცველის მუშაობიდან ეხებოდა კონკრეტულად NPM-ის ნაწილს, მაგრამ ცხადია, რომ ამგვარი უარყოფითი კომენტარები მიზნად ისახავდა სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტის, სანდოობის, დამოუკიდებლობისა და რეპუტაციის შელახვას. აგრეთვე, უარყოფითი გავლენის მოხდენას სახალხო დამცველის მუშაობის იმ სფეროებზე, რომლებიც რელევანტურია ECRI-თვის“, - წერია მოხსენებაში. CRI რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, შეაგროვოს მონაცემები, თუ როგორ ასრულებენ სკოლები ვალდებულებას, ჩაატარონ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები მოსწავლეებისათვის დისკრიმინაციის, ბულინგისა და კიბერბულინგის საკითხებზე. ECRI ასევე იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა შეაფასონ და შესაბამისად გააუმჯობესონ პროფესიული განვითარების აქტივობები მასწავლებლებისათვის ინკლუზიური განათლების, მულტიკულტურულ გარემოში სწავლების, მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კომენტარებმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოების მხრიდან 2021 წელს თბილისში ლგბტი პრაიდის მოწყობამდე, პროცესში და შემდეგ. ECRI-ის შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში მათი კომენტარები არამხოლოდ შეურაცხმყოფელი იყო, არამედ ძალადობის წამაქეზებელიც პრაიდის მონაწილეების წინააღმდეგ. ამ მოვლენის მანძილზე სასტიკი ძალადობის აფეთქებების გათვალისწინებით (იხ. ქვემოთ თავი II.B), ეს ფაქტი განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. „საქართველოს მართლმადიდებლური საპატრიარქოს მაღალმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ECRI-ს აცნობეს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გმობს ჰომოსექსუალობას, როგორც ცოდვას და, ამდენად, წინააღმდეგია ლგბტი საჯარო მოვლენების. მაგრამ, ამავდროულად, თანაბრად ეწინააღმდეგება ნებისმიერი ფორმის ძალადობას ლგბტი პირების მიმართ, რამდენადაც ძალადობასაც მიიჩნევს ცოდვად და მკაცრად კიცხავს მას. ამასთან დაკავშირებით, ECRI-ს აცნობეს, რომ ძალადობის ნებისმიერი მოწოდება ან რეალურად ჩართვა ამგვარ საქციელში მხოლოდ სამღვდელოების ინდივიდუალური წევრების არასწორი მოქმედებაა და არამც და არამც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ოფიციალურად ნებადართული, მხარდაჭერილი ან შეწყნარებული ფაქტი. მართალია, ECRI-ის როლი ან ექსპერტიზის სფერო არ არის, კომენტარი გააკეთოს თეოლოგიურ მსჯელობასა და დოქტრინებზე ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით, მაგრამ მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მომავალ ლგბტი პრაიდებზე გამოიყენონ ძალადობის უარყოფა საქართველოს მართლმადიდებულური ეკლესიის მხრიდან, მაგალითად, ერთობლივად მოუწოდონ პოტენციურ გამპროტესტებლებს, კატეგორიულად შეიკავონ თავი ძალადობის ნებისმიერი ფორმისაგან. მეორე მხარის მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების ერთობლივი პატივისცემა უნდა იქცეს მრავალფეროვნების უკეთ პატივისცემის საფუძვლად“. დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ 2021 წლის ივლისში, თბილისში, ლგბტი პრაიდის კოორდინატორთა მიერ ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია გადაიზარდა მონაწილეთა, ორგანიზატორთა, მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა მიმართ ძალადობაში. მარში გაუქმდა და ორგანიზატორთა ოფისები დაარბიეს. „ლგბტი აქტივისტებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს ემუქრებოდნენ და თავს ესხმოდნენ. ორგანიზატორები ჩიოდნენ, რომ შესაბამის ადგილებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებულ პოლიციელთა რაოდენობა არ იყო საკმარისი. ჟურნალისტები, რომლებიც თავდასხმის სამიზნე გახდნენ, ასევე აღნიშნავდნენ პოლიციის უმოქმედობას. სულ მცირე, ერთი ოპერატორი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს შოკური ეფექტი ჰქონდა და შიში დანერგა საქართველოში ლგბტი თემის ბევრ წარმომადგენელსა თუ მათ მხარდამჭერებში. შეზღუდული რაოდენობით გამოსული პოლიციის ძალების უმოქმედობამ ასევე გამოიწვია ლგბტი აქტივისტთა უნდობლობა სამართალდამცავების მიმართ და შეირყა რწმენა, რომ ისინი მოისურვებენ დაიცვან პრაიდის ღონისძიებები მომავალში.30 ECRI მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2021 წლის 5 ივლისის „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის ეფექტიანი გამოძიება, ძალადობის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ და ძალადობის ამგვარი აფეთქება და ადამიანების დაშინება მომავალში აღარ განმეორდეს, მათ შორის, გადახედონ პოლიციის მოქმედებას ამგვარი ღონისძიებების დროს“. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ყველაზე პრობლემური სფერო იმ ტიპის ძალადობის კუთხით, რაც ECRI-ის მანდატში შედის, არის ლგბტი პირების წინააღმდეგ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მაღალი დონე, მათ შორის, ძალადობა იმ პირთა მიმართ, ვინც მთავარ პრობლემად რჩება. ამგვარი მუქარები და თავდასხმები განსაკუთრებით ხდება - თუმცა არამხოლოდ - ლგბტი პრაიდის აქტივობების კონტექსტში ინფორმაციისთვის, ECRI-ის მონიტორინგი ქვეყნების მიხედვით თანაბრად შეეხება ევროპის საბჭოს თითოეულ სახელმწიფოს. სამუშაო სრულდება 5 წელიწადში ერთხელ. ანგარიშების წარმოდგენის პირველი ეტაპი დასრულდა 1998 წლის ბოლოს, მეორე - 2002 წლის ბოლოს, მესამე - 2007 წლის ბოლოს, მეოთხე - 2014 წლის დასაწყისში, ხოლო მეხუთე დასრულდა 2019 წლის ბოლოს. მეექვსე ეტაპზე მუშაობა დაიწყო 2018 წლის ბოლოს. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ევროპული კომისია ევროპის საბჭოს მიერ არის დაარსებული. ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მონიტორინგს უწევს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და სპეციალიზებულია შემდეგ საკითხებზე: რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, დისკრიმინაცია (რასის, ეთნიკური/ეროვნული წარმომავლობის, ფერის, მოქალაქეობის, რელიგიის, ენის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე), ქსენოფობია, ანტისემიტიზმი და შეუწყნარებლობა. ის შედგება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი წევრებისაგან, რომლებიც ინიშნებიან თავიანთი მორალური ავტორიტეტისა და აღიარებული გამოცდილების საფუძველზე რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში. წესდებით დადგენილ საქმიანობათა ფარგლებში, ECRI ახორციელებს მონიტორინგს ქვეყნების მიხედვით, რითაც აანალიზებს ვითარებას თითოეულ წევრ სახელმწიფოში რასიზმისა და შეუწყნარებლობის თვალსაზრისით და იძლევა წინადადებებსა და შეთავაზებებს გამოვლენილ პრობლემათა დაძლევისათვის.