თეგი: ENPARD

ევროკავშირის ელჩი: დიდად ვაფასებ საქართველოს შესანიშნავ საკვებ პროდუქტებს და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მათ ევროპის მაღაზიების თაროებზე უფრო მეტს ვიხილავთ

დიდად ვაფასებ საქართველოს შესანიშნავ საკვებ პროდუქტებს და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მათ ევროკავშირის ქვეყნების მაღაზიების თაროებზე უფრო მეტს ვიხილავთ - ჩვენი გზავნილი საქართველოს ფერმერებისთვის ნათელია: ევროკავშირი თქვენს გვერდითაა! - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) IV ფაზის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა. ჰერჩინსკიმ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 30 წელზე მეტია, ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ფერმერებსა და სოფლად მცხოვრებ თემებს. მისი შეფასებით, ENPARD-ის პროექტი ეფექტიანი მუშაობის საუკეთესო მაგალითი იყო. ჰერჩინსკის თქმით, ENPARD-ის პროგრამის ოთხი ფაზის განმავლობაში საქართველოში 230 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, რაც ფერმერებს დაეხმარა, შეექმნა სამუშაო ადგილები და ახალი შესაძლებლობები სოფლად, ხოლო საქართველოს სურსათის უვნებლობის სისტემა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა - თანაც ისე, რომ ქართულმა პროდუქტებმა თავიანთი გამორჩეული თვისებები სრულად შეინარჩუნეს. „ჩვენი პროგრამა ENPARD-ის შედეგები თვალსაჩინოა. ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში, ტრენინგების, მიზნობრივი ფინანსური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით, სოფლად სიღარიბის მაჩვენებელი 2013 წლის 33%-დან 2024 წლისთვის 15%-მდე შემცირდა. სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 90%-ით გაიზარდა. თითოეული რიცხვის მიღმა არის ფერმერული მეურნეობა, ოჯახი და სოფელი, რომლებმაც წინ გადადგეს ნაბიჯი განვითარების გზაზე. ENPARD-ი არასდროს ყოფილა მხოლოდ ევროკავშირის პროგრამა. ის მხარს უჭერდა საქართველოს პოლიტიკასა და რეფორმებს, ეფუძნებოდა რა ერთ ფუნდამენტურ პრინციპს - ევროკავშირის საერთო აგრარულ პოლიტიკას და ჩვენს ხედვას სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მეთევზეობის შესახებ. ჩვენი გზავნილი საქართველოს ფერმერებისთვის ნათელია: ევროკავშირი თქვენ გვერდითაა. თქვენ არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება საოჯახო მეურნეობებსა და კონკურენტუნარიანობას შორის. მსხვილ აგრობიზნესს თავისი ადგილი აქვს, რასაც სასოფლო-სამეურნეო კვების პროდუქტების და სასმელების გამოფენაც ადასტურებს. თავისი ადგილი აქვს საოჯახო მეურნეობებსაც. რთულ პერიოდებში ისინი მედეგები არიან. ქმნიან სამუშაო ადგილებს, ინარჩუნებენ სიცოცხლესა და ღირებულებებს სოფლად და საკვებით ამარაგებენ ქალაქებს. თანამედროვე, მდგრადი სოფლის მეურნეობა უნდა დაეფუძნოს ხარისხს, ადგილობრივ იდენტობასა და სოფლის ძლიერ თემებს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ევროკავშირის ელჩის თქმით, სურსათის უვნებლობის კუთხით ევროკავშირის სტანდარტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „ნდობა მარტივ პრინციპებს ეფუძნება: მწარმოებლები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რასაც ყიდიან. ფერმიდან სუფრამდე პროდუქტის გზის თვალის მიდევნება შესაძლებელია, კონტროლის მექანიზმები კი - მკაფიო და სამართლიანია. ეს პრინციპები, პირველ რიგში, საქართველოს ოჯახებს იცავს, შემდეგ კი ხსნის გზას ექსპორტისთვის - მათ შორის, იმედია, ევროკავშირის ბაზარზეც. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი ქალებს უკავიათ. სოფლად მცხოვრები ქალები აწარმოებენ, ამზადებენ და ყიდიან სურსათს, თუმცა ხშირად - ოფიციალური ბაზრის მიღმა. სურსათის უვნებლობის ნორმებისა და ხარისხის მარკირების სისტემების დანერგვა, ასევე მკაფიო წესები მათ ამ ბაზარზე ჩართვისა და ღირსეული შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მიზნად კვლავ რჩება. მათი ლიდერობა სოფლის თემების შენარჩუნებას უწყობს ხელს,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. დიპლომატის თქმით, ENPARD-ის პროგრამა წარმატებით სრულდება, თუმცა მისი შედეგები - რეფორმები, ინსტიტუტები და განვითარებული უნარები ძალაში რჩება. პერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი სამომავლოდ საქართველოს კანონმდებლობასა და სტრატეგიებში აისახება. „ევროკავშირის მხარდაჭერა და ერთგულება ENPARD-ის დასრულებით არ მთავრდება. ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტირებას სოფლად მცხოვრებ ადამიანებში. ჩვენი ახალი ინიციატივის - „ევროკავშირი შენთან“ (EU with You) - ფარგლებში, 13 მილიონ ევროზე მეტი 38 მილიონის ოდენობის საერთო თანხიდან (რომლის გამოყოფა ოქტომბერში გამოცხადდა), მომდევნო სამი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობას მოხმარდება. ეს დახმარება ეფუძნება ENPARD-ის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას და საფუძველს უყრის სტანდარტების დანერგვას, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს შეესაბამება. ჩვენი მიზნები უცვლელია: - სოფლად მცხოვრები თემებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა; ქალებისა და ახალგაზრდა ფერმერებისთვის შესაძლებლობების გაჩენა; კონკურენტუნარიანი და მდგრადი სოფლის მეურნეობა; დაცული ბუნებრივი რესურსები. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ირიგაციაზე დაფუძნებულ სოფლის მეურნეობას. უახლოეს მომავალში, „ზემო სამგორის“ საირიგაციო სისტემის არეალში მცხოვრები 11 000 ოჯახი მისგან სარგებელს მიიღებს. ეს ინიციატივა, საქართველოში 2023 წელს მიღებულ „წყლის შესახებ“ კანონის შესაბამისად, წყლის რაციონალური გამოყენების მაგალითს წარმოადგენს. საქართველოს მასშტაბით, ადამიანები იყენებენ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებს საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად და თემების გასაძლიერებლად. ევროკავშირი თქვენთან არის - ეს არის ჩვენი გზა სოფლად მცხოვრები ძლიერი თემებისა და მდგრადი სასურსათო სისტემისკენ,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. ევროკავშირის წარმადგენლობის ცნობით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს რეგიონების მიმართ ENPARD-ის დასრულებით არ მთავრდება: ახალი პროექტები, რომლებიც ინიციატივის #EUwithYOU-ს ფარგლებში განხორციელდება, მიღწეულ შედეგებს დაეფუძნება და გააგრძელებს ინვესტირებას სოფლად მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობასა და განვითარებაში.