თეგი: ENQA
2023 წელს საქართველო ENQA-ს ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2023 წელს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ENQA-ს მმართველმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე მიიღო. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ფორუმის ჩატარების უპირატესობა ბევრ ქვეყანას შორის სწორედ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიანიჭა. უწყების ცნობით, ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე განხილული იქნება ის აქტუალური საკითხები და ტენდენციები, რომელიც დაკავშირებულია ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფასთან. მასში ჩართულები იქნებიან ევროპის 32 ქვეყნის 55 ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელები. ამასთან, სააგენტოების თანამშრომლები, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის – EQAR-ის, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. "საერთაშორისო ფორუმის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ბოლო პერიოდში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები, სრულ შესაბამისობაშია ერთიან ევროპულ სტანდარტებთან და მიდგომებთან. ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2021 წელს განხორციელდა. მათი შეფასებით, ცენტრის მიერ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, რითაც საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჰარმონიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის ერთიან სტანდარტებთან და პრინციპებთან მიმართებაში. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 25 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ENQA-ს სრული წევრის სტატუსი 5 წლის ვადით მიენიჭა. ENQA-ს შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან, სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) და სრულად აკმაყოფილებს ENQA-ს წევრობის ძირითად კრიტერიუმებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.