თეგი: GDI
GDI: თეა წულუკიანის მიერ გათავისუფლებულმა ნოტარიუსმა, მედეა გვაზავამ იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ დავა მოიგო
GDI-ს თანახმად, ნოტარიუსმა მედეა გვაზავამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სასარჩელო დავა მოიგო. მის ინტერესებს სასამართლოშ სწორედ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“(GDI) იცავდა. „საქმე ეხება ნოტარიუსის, იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ, 2020 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით, მედეა გვაზავას გათავისუფლებას ნოტარიუსის თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძველი იყო “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის იმდროინდელი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსს თანამდებობაზე ყოფნის უფლება ჰქონდა 65 წლის ასაკამდე. თუმცა კანონი გამონაკლისის სახით ადგენდა, რომ იუსტიციის მინისტრს შეეძლო ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაეგრძელებინა მისთვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. ამის საპირისპიროდ, მედეა გვაზავას არ დასცალდა ესარგებლა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობით, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ბევრად ადრე მიიღო, ვიდრე მედეა გვაზავას შეუსრულდებოდა 65 წელი. „აღსანიშნავია, რომ მედეა გვაზავამ მოიგო ძირითადი სასარჩელო დავა, რის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილებები და გაუგრძელა მას უფლებამოსილების ვადა. აღნიშნულის შემდგომ ნოტარიუსმა დაიწყო მეორე დავა მორალური ზიანისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე იმ შემოსავლისთვის, რომელიც მან ვერ მიიღო უკანონოდ გათავისუფლების გამო. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაავალა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში. ამჟამად კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის პოზიცია ამ საკითხზე ჯერ არ არის ცნობილი.
საკონსტიტუციომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე სარჩელები არსებითად განსახილველად მიიღო - GDI
საკონსტიტუციო სასამართლომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიიღო. ინფორმაციას სარჩელების ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ავრცელებს. კერძოდ, GDI-მ გაასაჩივრა 2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომლითაც პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი წესი განისაზღვრა. ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ. აღნიშნული მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრძანება ითვალისწინებს ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას. GDI-ს შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება ეწინააღმდეგება ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას. „ბრძანება პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იმ ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვის გზით, რომელთა კითხვებიც შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს მმართველ პარტიას. ჟურნალისტებმა აკრედიტაციის შეჩერების შიშით შესაძლოა თავი აარიდონ მმართველი პარტიისთვის კრიტიკული კითხვების დასმას, რაც ხელს შეუშლის საზოგადოების ინფორმირებას ქვეყანაში აქტუალურ საკითხებზე," - აცხადებენ ორგანიზაციაში. ასევე გასაჩივრებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბერს ბრძანება „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ”, რომელიც ძალაში 2023 წლის 18 სექტემბერს შევიდა. ბრძანების თანახმად, პარლამენტის ვიზიტორს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის, პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება. ბრძანების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე დაუშვებელია სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების, აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების შეტანა. ამგვარი აკრძალვების საფუძვლად საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წესების დაცვა სახელდება. GDI-ის შეფასებით, მიღებული წესები გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და აბრკოლებს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში. ორგანიზაციის შეფასებითვე, ორივე საქმეზე არსებითი განხილვის შემდეგ გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა ცნონ.