თეგი: IDF
IDFI: რუსეთიდან საწვავის იმპორტს „ლუკოილ ჯორჯია“, „გალფი“, „ვისოლი“ და „სოკარი“ ახორციელებენ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან საწვავს იღებს ბაზარზე მოთამაშე ყველაზე მსხვილი 5 კომპანიიდან 4: „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ (გალფი), „ლუკოილ ჯორჯია“, „ვისოლი“ და „სოკარი“. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI წერს. არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის ცნობით, აღნიშნულ კომპანიებს, კვლევის ფარგლებში, ელექტრონული ფოსტით გაეგზავნათ კითხვები, თუ რა რაოდენობის საწვავის იმპორტი განახორციელა თითოეულმა მათგანმა რუსეთიდან მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის ჩათვლით, ასევე, რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავს რა პროცენტული წილი უკავია მათ მიერ 2022 წელს იმპორტირებული საწვავის საერთო რაოდენობაში. კომპანიებს დამატებით დაესვათ კითხვები, რა არის მთავარი მიზეზი/მიზეზები, რის გამოც რუსეთიდან ახორციელებენ საწვავის იმპორტს. ამ კითხვებზე არცერთ კომპანიას პასუხი არ გაუცია. „2013 წლის ივნისში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თავის ანგარიშში წერდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული დავით კეზერაშვილის ბიზნესების ნაწილი არჩევნების შემდეგ სწორედ დავით იაკობაშვილის მფლობელობაში გადავიდა, სავარაუდოდ, ოფშორულ ზონებში გაფორმებული გარიგებების შედეგად. „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ წლების განმავლობაში იყო საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მფლობელობაში. მას შემდეგ, რაც 2012 წლის ოქტომბერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ“ შეცვალა, არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში „სან პეტროლიუმ ჯორჯიამ” განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ დავით კეზერაშვილი 2012 წლის ნოემბრის მდგომარეობით არ ირიცხებოდა კომპანიის აქციონერთა რიგებში. მათივე ცნობით, „გალფში“ თავისი წილი გაზარდა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა“, - წერს IDFI. ანგარიშის მიხედვით, „2012 წლის მარტში ივანიშვილის აგრო-ინდუსტრიულმა კომპანიამ „სტოილენსკაია ნივამ“ რამდენიმე პურის ქარხანა შეიძინა იაკობაშვილის ჰოლდინგ ЗАО Русагропроект-ისგან (რუსული აგრარული პროექტი). იაკობაშვილმა ამ გარიგების შესახებ ინფორმაცია 2012 წელს დაადასტურა, მაგრამ არ გაამხილა გარიგების ზუსტი ღირებულება. ბოლო მონაცემებით, „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ საცალო ქსელი საქართველოში იზრდება. 2022 წლის 24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოსკონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ 23 ეკონომიკური აგენტის საკუთრებაში არსებულ 32 ავტოგასამართ სადგურზე კონტროლის მოპოვების (იჯარით აღება) ნებართვა გასცა“. “პეტროკასის” კავშირები “როსნეფტთან” და სანქცირების საფრთხე - ეს ქვეთავი „პეტროკას ენერჯი ჯორჯიას“ ეხება: „პეტროკას ენერჯი ჯორჯიას“ წილების 49%-ს 2014 წლის დეკემბრიდან ფლობდა რუსული ენერგოკომპანია „როსნეფტი“, რომელიც პარალელურად საქმიანობდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში. 2022 წლის მაისში „პეტროკასმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანიის CEO-მ ვანო ნაკაიძემ გამოისყიდა „როსნეფტის“ წილები და, შესაბამისად, რუსული ენერგოკომპანია მეწილეებში არ ირიცხებოდა. 2022 წლის ზაფხულში უკრაინულ პლატფორმაზე „ომი და სანქციები“ გაჩნდა ჩანაწერი „პეტროკას ენერჯი ჯორჯიას“ დედა კომპანიის, კვიპროსში რეგისტრირებული PETROCAS ENERGY INTERNATIONAL LIMITED-ისა და მისი დამფუძნებლის, ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის შესახებ, რომ „მას მჭიდრო კავშირი აქვს რეჟიმთან, რომელმაც მოამზადა და აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელშიც ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ის 2018 წლის 26 დეკემბერს იყო კრემლში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომელზეც განიხილეს საკითხები სახელმწიფოს ეკონომიკასთან დაკავშირებით. ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.” აღნიშნული პლატფორმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა ბიურომ შექმნეს. „პროექტის აღწერის მიხედვით, „ომი და სანქციები“ არის მონაცემთა ბაზა, სადაც აღრიცხულნი არიან რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერი, რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესები და ბიზნესმენები, ასევე ის სუბიექტები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინასთან რუსეთის ომს. ბაზაში შეყვანილთა ნაწილი სანქცირებულია, ნაწილის სანქცირებაზე კი მუშაობა გრძელდება. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ბაზის შექმნის მიზანი ასეთი კომპანიებისა და ბიზნესმენების შესახებ ცნობების შეგროვება და მისი სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებაა. „პეტროკასი“ და ბიზნესმენი იაკობაშვილი ბოლო მონაცემებით არ არის რომელიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული და ამის შესახებ ამ ეტაპზე არავის უსაუბრია, გარდა უკრაინის ხელისუფლებისა“, - აღნიშნულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშში - „რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში“. კვლევის ფარგლებში IDFI-მ შეისწავლა საქართველოში არსებული 11 წამყვანი სექტორი. 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, მსხვილი რუსული კომპანიები და კაპიტალი საქართველოში ნაკლებად არის წარმოდგენილი. საერთაშორისო საქნციებმა პირველ რიგში მსხვილ კომპანიებზე იმოქმედეს და კიდევ უფრო შეამცირეს მათი წარმომადგენლობა, რაც, მაგალითად, საბანკო (“ვითიბი”) და საკომუნიკაციო (“ბილაინი”) სექტორების შემთხვევებში გამოვლინდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაკადი შემოვიდა. „აღნიშნული პირდაპირ აისახა გადმორიცხვებზე, ქართულ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებზე, უძრავ სექტორში ფასების ზრდაზე, ახალი კომპანიების რეგისტრაციაზე და სხვა სფეროებზე. ამ გზით შემოსული კაპიტალი ზრდის რუსული გავლენის საფრთხეებს და საჭიროებს დაკვირვებას და შემდგომ შესწავლას. მთლიანობაში, რუსული მიგრაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე რთული და მრავალმხრივია: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მიგრაციას მოკლე ვადაში მყისიერი ეფექტი გააჩნდეს (მაგალითად - ლარის გამყარება უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში), ეს იძლევა შეშფოთების საბაბს და გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, გამოიწვიოს ნეგატიური ზემოქმედება ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს საქართველოს შიდა მოხმარებაში მაღალი წილი აღარ უჭირავს, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება კვლავ საგულისხმოა (განსაკუთრებით აღნიშნული ეხება თბილისის ელექტროენერგიით მომარაგებას)“, - წერს IDFI. ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში საწვავი