თეგი: IOM

ანგარიში: ზამთრის პერიოდში უკრაინის დატოვებას მოქალაქეების მხოლოდ 7% განიხილავს

რუსეთის მიერ გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის მიუხედავად, ზამთრის პერიოდში უკრაინის დატოვებას მოქალაქეების მხოლოდ 7% განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ბოლო ანგარიშში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს. „თითქმის 18 მილიონი ადამიანი - უკრაინის მოსახლეობის 40 პროცენტი - საჭიროებს სასწრაფო ჰუმანიტარულ დახმარებას. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი მათ ზამთარში, განსაკუთრებით მათ, ვისაც არ აქვს თავშესაფარი ან სითბო. IOM მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, გააფართოონ თავიანთი ძალისხმევა, რადგან საჭიროებები დღითიდღე იზრდება“, - თქვა IOM-ის მისიის ხელმძღვანელმა უკრაინაში, ანჰ ნგუენმა. IOM-მა ხარკოვის მუნიციპალიტეტს უკვე გადასცა 18 გენერატორი. IOM-მა კიდევ ოთხი გენერატორი მიაწოდა ომით დაზარალებულ ქალაქ მიკოლაივს. IOM-ის ცნობით, მსგავსი დახმარება უკრაინის სხვა რეგიონებსაც მიეწოდება, ხოლო მომდევნო კვირებში კიდევ 1200 გენერატორის მიწოდება იგეგმება.