თეგი: IPI
უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები პრემიერს მოუწოდებენ, დაიცვას პრესის თავისუფლება საქართველოში
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) მედიის და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციების ჯგუფთან ერთად მიმართავს ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და დაიცვას პრესის თავისუფლება საქართველოში. ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი წერილის ავტორები მიუთითებენ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით უზრუნველყოფილია პრესის თავისუფლება. კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულია ცენზურის დაუშვებლობა, მედიის თავისუფლება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა პლურალიზმი. წერილში ასევე მოყვანილია სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების კანონის მესამე მუხლი, რომელიც ჟურნალისტებს გარანტიას აძლევს, რომ დაცული იქნეს ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობა და სარედაქციო გადაწყვეტილების მიღება საკუთარი სინდისის შესაბამისად. ერთობლივ წერილში, რომელსაც ხელს აწერს 18 ორგანიზაცია წერია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ახლახან მიიღო პარლამენტმა მეორე მოსმენით, ხელისუფლებას აძლევს დამოუკიდებელი აზრის დისკრედიტაციის, მასზე ზეწოლის და საბოლოო ჯამში, ჩახშობის მძლავრ ინსტრუმენტს და ამით საფრთხეს უქმნის პრესის და სიტყვის თავისუფლებას. წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს კანონი არამხოლოდ აიძულებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიეკუთვნებოდნენ იმ ჯგუფების რიცხვს, რომლებიც ატარებენ „უცხოეთის ქვეყნების ინტერესებს", არამედ ანიჭებს იუსტიციის სამინისტროს უფლებას, „აწარმოოს გულმოდგინე გამოძიება“ ამ ორგანიზაციების მიმართ მხოლოდ „უცხოეთის სახელმწიფოსთან“ კავშირის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე. „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაწვეული იყოს კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალების სიცოცხლისუნარიანობას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც მედიის სულ ცოტა, 20 თანამშრომელს ფიზიკურად დაესხნენ თავს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ან დააკავეს დემონსტრაციების გაშუქების დროს.“ წერილზე ხოლმომწერების თქმით, „ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებისთვის პარლამენტში არშეშვების გადაწყვეტილება, რომელიც კანონპროექტის საპარლამენტო დებატების დასაწყისშივე იქნა მიღებული, არის მედიის თავისუფლების აშკარა შეზღუდვა და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.” პრესის საერთაშორისო ინსტიტუტთან ერთად ირაკლი კობახიძისადმი წერილს ხელს აწერენ ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაცია (AJE France), ცენზურის ინდექსი, პრესის და მედიის თავისუფლების ევროპის ცენტრი (ECPMF), ჟურნალისტთა ევროპის ფედერაცია, (EFJ) და სხვები.