თეგი: IRI საპარლამენტო არჩევნები
IRI საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიას იწყებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს. ორგნიზაციის ცნობით, 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ოლქებს დაფარავს. მათივე განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. IRI-ს ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი აცხადებს, რომ გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო პროცესის საჭიროება, რომელიც მოქალაქეებს მრავალფეროვან არჩევანს მისცემს, წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული 9 დათქმიდან ერთ-ერთს, რომელიც ქვეყანამ 2023 წლის ბოლოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ მიიღო. „დამკვირვებლები თავიანთ საქმიანობას შეუდგებიან საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ეს მისიას საშუალებას მისცემს, უკეთ გაიგოს ამ არჩევნების კონტექსტი, ხოლო პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებთან ერთობლივი ძალისხმევით, მხარი დაუჭიროს ინკლუზიურ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს“, – განაცხადა IRI-ის ევრაზიის დივიზიის დირექტორმა. IRI-ის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა „საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის შესაბამისად წარმართავს. დაკვირვების შედეგად გაცემული რეკომენდაციები და მიგნებები დაეყრდნობა საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებს და იმ ვალდებულებებს, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები ქცევის კოდექსის ფარგლებში აღიარებენ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, 20 წელზე მეტია, საქართველოში მხარს უჭერს პოლიტიკური, საარჩევნო და სამოქალაქო მიმართულებების აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას შინაარსზე დაფუძნებული პლატფორმისა და გზავნილების შემუშავებაში, მოწყვლადი ჯგუფების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ხელშეწყობას, მეთოდოლოგიურად გამართულ და ხარისხიან კვლევებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის პროცესის წახალისებას,“ აცხადებენ ორგანიზაციაში.