თეგი: Kaspersky

აშშ-ში, ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „Kaspersky-ს“, რუსეთთან კავშირების გამო აკრძალავენ

აშშ-მ გამოაცხადა თავისი გეგმის შესახებ, ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „კასპერსკი“ კრემლთან სავარაუდო კავშირების გამო აკრძალოს. კომპანია ვეღარ შეძლებს თავისი პროდუქტის გაყიდვას ან განახლებას შეერთებულ შტატებში. ასეთი ზომების მიღება კი, რუსული კიბერთავდასხმების საფრთხის ფონზე გახდა საჭირო. ვაჭრობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ კომპანიის კავშირები მოსკოვთან საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატებში მომხმარებლებს. „მოსკოვის გავლენა კომპანიაზე, მნიშვნელოვან რისკს უქმნის აშშ-ის ინფრასტრუქტურასა და სერვისებს,“ განაცხადა ხუთშაბათს ვაჭრობის მდივანმა ჯინა რაიმონდომ. „რუსეთმა აჩვენა, რომ აქვს შესაძლებლობა და განზრახვა, გამოიყენოს რუსული კომპანიები, მაგალითად, „კასპერსკი“ ამერიკელთა პირადი ინფორმაციის შესაგროვებლად და მათ იარაღად გამოსაყენებლად. სწორედ ამიტომ, ჩვენ იძულებული ვართ, მივიღოთ ზომები, რომლებსაც დღეს ვაწესებთ,“ – ნათქვამია რაიმონდოს განცხადებაში. აკრძალვა ძალაში 29 სექტემბრიდან შევა, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ ახალი ალტერნატივები. თავად კომპანიაში კი, აცხადებენ, რომ მათი ქმედებები საფრთხეს არ უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და გადაწყვეტილება „გეოპოლიტიკურ კლიმატსა და თეორიულ შეშფოთებებს“ ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ მრავალეროვნული ფირმის სათაო ოფისი მოსკოვშია, მას ოფისები  აქვს მსოფლიოს 31 ქვეყანაში, ემსახურება 400 მილიონზე მეტ მომხმარებელს და 270,000 კორპორატიულ კლიენტს 200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია დიდი ხანია, აშშ-ის მარეგულირებლების სამიზნეა. 2017 წელს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა „კასპერსკის“ ფლაგმანი ანტივირუსული პროდუქტი რუსეთის დაზვერვასთან კავშირების ბრალდების გამო აკრძალა.