თეგი: MAP

სტოლტენბერგის თქმით, MAP-ის გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები გრძელდება

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოლაპარაკებები NATO-ს სამიტის საბოლოო დეკლარაციაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ მის ფორმულირებაზე საუბარი ნაადრევია. ორშაბათს ვილნიუსში, სამიტის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების თხოვნით, მან კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას ტვიტზე, რომ მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს და უკრაინას ალიანსში გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ დასჭირდება. „კონსულტაციები გრძელდება და დღეს სხვა შეხვედრები იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მოკავშირე შეთანხმდება ძალიან მკაფიო მესიჯზე, როდესაც საქმე უკრაინას ეხება. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მან გაიხსენა ოსლოში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა, რომლის დროსაც უკრაინას 3-ნაწილიანი პაკეტი შესთვაზეს. „ოსლოში, არაფორმალურ მინისტერიალზე წარვადგინე პაკეტი, რომელიც მოიცავდა სამ ელემენტს. პირველი იყო, რომ ყოფილიყო პრაქტიკული დახმარების პროგრამა, მომხდარიყო უკრაინისა და NATO-ს ძალების სრული თავსებადობა, რაც დააახლოებს უკრაინას NATO-სთან; მეორე იყო NATO-უკრაინის საბჭოს შექმნა; ხოლო მესამე ელემენტი იყო MAP-ის მოთხოვნის ამოღება, რაც უკრაინისთვის გაწევრიანების პროცესს, ორსაფეხურიანის ნაცვლად, ერთსაფეხურიანს გახდის. ახლა ჩვენ განვიხილავთ ამ პაკეტს, ამ ელემენტებს და ვცდილობთ, შევთანხმდეთ კონკრეტულ ფორმულირებაზე. არ მოვყვები დეტალებს, მაგრამ მივესალმები, რომ ვმუშაობთ ამ პაკეტის გარშემო. დარწმუნებული ვარ, კარგი, პოზიტიური და ძლიერი გზავნილი გვექნება, როცა ლიდერები შეიკრიბებიან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის გაწევრიანების გზიდან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ამოღებაზე.  კულებას თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზას ამოკლებს. „მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია გაწევრიანებისთვის უკრაინის მიწვევის შესახებ სიცხადისთვის“, - წერს კულება Twitter-ზე. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა უფრო ადრე, ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა უკრაინულ მედიასთან ამბობდა, რომ კიევი აქტიურ კომუნიკაციაში იყო მოკავშირეებთან. „მოლაპარაკებები, რომლებსაც [პრეზიდენტის მრჩეველი ანდრი] ერმაკი აწარმოებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, გრძელდება. საბოლოო დოკუმენტებზე მუშაობა გრძელდება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,“ - განაცხადა სტეფანიშინამ.  უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 9 ივლისს აცხადებდა, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, NATO-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით