თეგი: Mars
უკრაინამ PepsiCo და Mars ომის სპონსორების სიაში შეიყვანა
უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ მსხვილი კორპორაციები PepsiCo და Mars-ი „ომის საერთაშორისო სპონსორების“ სიაში შეიყვანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მიუხედავად დაპირებისა, რომ შეამცირებდნენ თავიანთი ბიზნესის წარმოებას, შეაჩერებდნენ სარეკლამო საქმიანობას და წარმოებას რუსეთში, კომპანიები აგრძელებენ მუშაობას ქვეყანაში, იხდიან მნიშვნელოვან გადასახადებს სახელმწიფო ბიუჯეტში, რითაც მხარს უჭერენ აგრესორის ეკონომიკას,“ - წერს სააგენტო. PepsiCo არის ამერიკული საკვებისა და სასმელების მწარმოებელი, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. კომპანიის ბრენდებშია Lay's Doritos, Cheetos, Gatorade, Pepsi-Cola, Mountain Dew, Quaker, SodaStream და სხვა. უკრაინული მედია წერს, რომ რუსი ჯარისკაცების კვების რაციონში „Lay-ს ჩიფსები იპოვეს. წმინდა მოგებით, PepsiCo არის მეოთხე უმსხვილესი კომპანია ამ ინდუსტრიაში რუსეთში, 19 ქარხნითა და დაახლოებით, 20,000 დასაქმებულით. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი წლის განმავლობაში, PepsiCo-მ წმინდა მოგება 2021 წელთან შედარებით, 333%-ით გაზარდა და 525 მილიონ დოლარს მიაღწია. მან სახელმწიფო ბიუჯეტში 115 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა. უკრაინის ხელისუფლება განმარტავს, რომ „მარსი“ რუსეთში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობს, 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ქვეყნის ეკონომიკაში და რუსეთის ტერიტორიაზე 10 ქარხანა გახსნა. Mars არის აშშ-ის სიდიდით მეოთხე კერძო საკუთრებაში არსებული კომპანია, მისი ყველაზე ცნობილი ბრენდებია Mars, Snickers, Milky Way, Twix, Bounty, M&M's, Whiskas და ა.შ.