თეგი: Nord Stream 2

გერმანული ფონდი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს ტოვებს

გერმანიის საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც რუსულ „გაზპრომს“ Nord Stream 2 გაზსადენის პროექტის დასრულებაში უნდა დახმარებოდა, პროექტიდან გასვლას ცდილობს. ამის შესახებ Reuters იტყობინება. მისივე ინფორმაციით, ფონდს სურს, გადაიხადოს 12 მილიონი ევრო (12,10 მილიონი აშშ დოლარი) კომპანიის შვილობილი Nord Stream 2 AG-ის წინაშე ვალდებულებების დასაფარად. ფონდის ხელმძღვანელმა, ერვინ სელერინგმა განმარტა, რომ მის ორგანიზციას სურს, გაწყვიტოს ყველა კავშირი Nord Stream 2-თან მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში დაფუძნებული Nord Stream 2 AG-ს, ვალდებულების სახით, 12 მილიონი ევროს გადაუხდის. Reuters-ი წერს, რომ Nord Stream 2 AG კომენტარს ჯერ არ აკეთებს. გერმანიამ $11 მილიარდიანი პროექტი თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ შეაჩერა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მაშინ აცხადებდა, რომ კრიზისული პირობების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე Nord Stream 2-ი ვერ გაგრძელდებოდა, რის გამოც, მისი დამტკიცების პროცესი შეჩერდა. ოლაფ შოლცმა ბერლინში ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, მისი მთავრობა ზომებს იღებს. გაზსადენის პროექტის მშენებლობა დასრულებული იყო, მაგრამ პროექტს ჯერ კიდევ სჭირდებოდა მარეგულირებლის სერტიფიკატი გერმანიის ხელისუფლებისგან. 7 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერას უმასპინძლა და ერთობლივ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტი ვერ განხორციელდებოდა, თუ რუსული ტანკები და ჯარები გადაკვეთდნენ უკრაინის საზღვარს. აშშ-სა და გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, რომ ზომები, მათ შორის სანქციები მიეღო (როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე) იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდებოდა, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას განახორციელებდა. პროექტის შესახებ ამ გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებდა, თუმცა გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს აშშ-ის სანქციების გამო შეჩერდა. აშშ და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აცხადებდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდიდა რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგინებდა უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებდა ევროპა ბუნებრივ აირს.