თეგი: Outlook
Microsoft-ის სერვისების მუშაობაში გლობალური შეფერხებაა
Microsoft-ი ცდილობს, აღმოფხვრას გლობალური შეფერხება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ათობით ათას მომხმარებელს შეეხო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, შეინიშნება „სტაბილიზაციის პირველი ნიშნები“, თუმცა სერვისების მუშაობა „ჯერ კიდევ არ დაბრუნებია ნორმალურ დონეს.“ პრობლემები შეექმნა ისეთ სერვისებს, როგორიცაა Teams-ი, Outlook-ი და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამა Copilot-ი; მიზეზად „კავშირთან დაკავშირებული ხარვეზები“ სახელდება. Microsoft-ის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეფერხება კიბერშეტევას გამოეწვია. მონიტორინგის ვებგვერდის ცნობით, პრობლემა 74 ქვეყნის მომხმარებლებს შეეხო და უკვე რვა საათზე მეტია გრძელდება. Microsoft-ი აცხადებს, რომ პრობლემის აღმოფხვრის მცდელობები „მოსალოდნელ შედეგს არ იძლევა”, თუმცა, მანამდე კომპანია აცხადებდა, რომ მათი გუნდი „დადებით შედეგებს ხედავდა“. Microsoft 365-ის აპლიკაციებით 430 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.