თეგი: PCSC
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი იმყოფება
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი (PCSC) იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს არის NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC) დელეგაციის პირველი ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათაშორის შეხვედრას უმასპინძლა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობით. NATO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა. სხდომის ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს და კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოსა და მზარდ გამოწვევებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის რეფორმებზე და გამოწვევების გათვალისწინებით, NATO-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო NATO-ს მადრიდის სამიტზე „საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტის“ განხორციელებას NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერების გზით, რაც თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და მოკავშირეთა მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას მოიაზრებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტს. „ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.