თეგი: PSP

ირაკლი ღარიბაშვილი PSP-ს აფთიაქებში მომხდარ „კატეგორიულად მიუღებელ შემთხვევაზე“ საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი PSP-ს აფთიაქში მომხდარ „კატეგორიულად მიუღებელ შემთხვევაზე“ საუბრობს. „ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ, მინდა, პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია - PSP. თითქოს PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი, მაგალითად, როცა შედის მომხმარებელი და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს და ეს ვიცი, რომ დავალებაა, ასეთი ინფორმაცია არსებობს, ამას რა თქმა უნდა გადამოწმება სჭირდება, გამყიდველი ეუბნება, რომ რომელი გნებავთ ხარისხიანი, ძვირიანი, თუ უხარისხო თურქული. ამას რა ქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ესაა მტრობა, პირდაპირ. როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს და მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში, პენსიონერი და ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ყიდულობს წამალს, ნებისმიერ შემთხვევაში, რა მნიშვნელობა აქვს ვინ შევა აფთიაქში. ამას სჭირდება რეაგირება, მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ბატონ ზურა აზარაშვილთან. მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება თითოეულ ასეთ შემთხვევას, ესაა დაუშვებელი, მიუღებელი კატეგორიულად. გასაგებია, რომ ეს 200 მლნ ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ და მათ შორის ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, ეს მათთვის არაა სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება, მინდა, ყველას შევახსენო, მათ შორის, ოპოზიციას და ოპონენტებს, არის ჩვენს ხალხზე ზრუნვა და სწორედ, რაც ხალხს სჭირდება, ის უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  მისივე თქმით, ზურა აზარაშვილი აქტიურად მუშაობს მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე და პრემიერის ინიციატივის, კერძოდ თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, დაახლოებით 200 მლნ ლარს ზოგავს ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში. „კიდევ ერთი საკითხი მინდა, თქვენთან ერთად განვიხილო. მოგეხსენებათ, ბატონი ზურა აზარაშვილი მუშაობს აქტიურად მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე. ეს რეფორმა ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს, იანვარში. მაშინ ჩემი ინიციატივით, გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ჩვენ ვთქვით, რომ ხარისხიანი GMP სტანდარტების წამლების შემოტანა დაიწყებოდა, რაც განხორციელდა წარმატებით. მაშინ გახსოვთ, ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი ძალიან ბევრი ადამიანი, არ სჯეროდათ ამ რეფორმის წარმატების. მახსოვს ერთ-ერთი მთავარი მსხვილი შემომტანი, ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი აკრიტიკებდა ამ პროგრამას. მე მესმის, რომ ეს მათთვის იყო საკმაოდ დიდი დარტყმა, ვინაიდან დაახლოებით 200 მლნ ლარს დაზოგავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში, ამ რეფორმის შედეგად, მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების შედეგად. ქვეყანაში შემოვიდა, გაჩნდა მეტი კონკურენცია, შემოვიდა ხარისხიანი თურქული მედიკამენტები, რამაც საგრძნობლად გააიაფა. გახსოვთ, რომ კონკრეტული მაგალითები იყო ძალიან ბევრი, როცა წამალი ღირდა 200-300 ლარი, ის გაიაფდა და გახდა 30-40-50 ლარი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. განახლება: PSP-ში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. „დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და, შესაბამისად, ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან. ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. იმედს ვიტოვებთ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.