თეგი: SEU
ინდოეთის ელჩი SEU-ში — ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს ინდოეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ამიტ კუმარ მიშრა, ატაშე ბატონ ანილ იადავთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა SEU-ს რექტორთან, ვიცე-რექტორებთან და აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობების მნიშვნელობას, გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოსა და ინდოეთს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას. ინდოეთის ელჩი და ატაშე, ასევე შეხვდნენ SEU-ს მედიცინისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტებს ინდოეთიდან, რომლის დროსაც სტუდენტებმა სტუმრებს საუნივერსიტეტო გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. SEU-სთვის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და პარტნიორებთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს კულტურათაშორის დიალოგს, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და მრავალფეროვანი აკადემიური გარემოს განვითარებას. ამდენად, SEU აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო სტუდენტებისთვის მხარდამჭერი და მრავალფეროვანი აკადემიური გარემოს შექმნაზე, სადაც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, სრულფასოვნად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.
SEU-ს სტუდენტებმა საქართველო საერთაშორისო სამედიცინო ოლიმპიადაზე მესამე ადგილზე გაიყვანეს
საქართველომ საერთაშორისო სამედიცინო ოლიმპიადაზე Medicine of the Future 2026 მესამე ადგილი დაიკავა. ოლიმპიადა წელს მესამედ გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 102 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს სახელით ასპარეზობდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ SEU-ს გუნდი SEU REACT, რომლის შემადგენლობაშიც უნივერსიტეტის ხუთი სტუდენტი იყო: Riyaa Mehta, Pranjal Patil, Shane Christian, Faisal Altaf და Tengiz Maisuradze. ქვეყნების საერთო რეიტინგში პირველი სამი ადგილი შვეიცარიამ, იტალიამ და საქართველომ გაინაწილეს. ოლიმპიადის მონაწილეებმა პრაქტიკული კლინიკური უნარების ხუთ მიმართულებაში გამოსცადეს საკუთარი შესაძლებლობები. მათ შორის იყო ულტრაბგერითი კვლევა, მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული მანიპულაციები, სასუნთქი გზების ინტუბაცია, გინეკოლოგიური გამოკვლევა და ახალშობილზე ზრუნვა. უნივერსიტეტის განცხადებით, SEU-ს გუნდის წარმატება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტური გარემოსა და პრაქტიკაზე ორიენტირებული სამედიცინო განათლების მნიშვნელობას. საქართველოს დროშით მოასპარეზე, მათ შორის ინდოელი სტუდენტების ეს შედეგი საქართველოსა და ინდოეთს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია.