თეგი: Tik Tok

TikTok-ი ბავშვებისთვის გათვალისწინებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის დარღვევის გამო, $368 მილიონით დაჯარიმდა

ვიდეოგაზიარების აპლიკაცია TikTok-ი დაახლოებით, 368 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილება ევროპულმა მარეგულირებელმა მიიღო და განაცხადა, რომ პლატფორმა ვერ იცავდა ბავშვების კონფიდენციალურობის საკითხებს. როგორც ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ განაცხადა, გამოძიებამ დაადგინა, რომ აპლიკაციის პოლიტიკა არაადეკვატური იყო მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის ბავშვების ანგარიშებისა და მომხმარებლებისთვის წესების შესახებ საკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. გამოძიებამ დაადგინა, რომ თინეიჯერი მომხმარებლების რეგისტრაციის პროცესში გაჩნდა ისეთი პარამეტრები, რომლებმაც მათი ანგარიშები საჯარო გახადეს, რაც საშუალებას აძლევდა ნებისმიერს, ენახა და კომენტარი გაეკეთებინა მათ ვიდეოებზე. ეს ე.წ. ავტომატური პარამეტრები ასევე საფრთხეს უქმნიდა 13 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებმაც პლატფორმაზე წვდომა მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის არ იყო დაშვებული. გადაწყვეტილების საპასუხოდ, TikTok-ის კონფიდენციალურობის მიმართულების ხელმძღვანელმა ევროპაში, ელეინ ფოქსმა გამოაქვეყნა ბლოგპოსტი, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი, თუ როგორ განაახლა პლატფორმის პოლიტიკა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის გამოძიება 2021 წლის სექტემბერში დაიწყო. ევროკავშირის მარეგულირებლის ჯარიმა მზარდი გლობალური შემოწმების ფონს ემთხვევა იმის შესახებ, თუ როგორ ემსახურებიან TikTok-ი და სოციალური მედიის სხვა კომპანიები ახალგაზრდა მომხმარებლებს.